
მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ვენჩურული ფირმები კაპიტალის მოცულობის ზრდის ტენდენციას მიჰყვებიან, სილიკონის ველის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კომპანია, Greylock Partners, ამ ტენდენციას შეგნებულად ეწინააღმდეგება. ფირმამ 1.5 მილიარდი დოლარის მოცულობის მე-18 ფონდის შექმნა დააანონსა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 2023 წლის ფონდთან შედარებით 50%-ით მეტია, Greylock-ის პარტნიორის, საამ მოტამედის თქმით, მათ შეეძლოთ გაცილებით მეტი კაპიტალის მოზიდვა. თუმცა, პარტნიორებმა თავშეკავება არჩიეს. მოტამედის განმარტებით, ფირმის მისიაა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გამორჩეული მეწარმეებისთვის, რაც მაღალი დონის მხარდაჭერას მოითხოვს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პორტფელში არსებული კომპანიების რაოდენობა შეზღუდული იქნება.
Greylock-ის 10 პარტნიორი წელიწადში მხოლოდ ერთ ან ორ ახალ ინვესტიციას ახორციელებს, რაც ახალი ფონდის ფარგლებში დაახლოებით 25 კომპანიის დაფინანსებას გულისხმობს. ფირმა კვლავ ფოკუსირებულია ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებზე, თუმცა, გამონაკლისის სახით, გვიანდელ ეტაპზეც დებს ინვესტიციებს ისეთ გიგანტებში, როგორებიცაა Anthropic, Revolut და Wiz. მოტამედის თქმით, ფონდის დაახლოებით 15% სწორედ ასეთ „ზრდის ეტაპის“ პროექტებზე გადანაწილდება.
Greylock-ის სტრატეგიის მთავარი ქვაკუთხედი ადამიანებზე ფსონის დადებაა. პარტნიორები ხშირად მეწარმეებს მანამდე ეცნობიან, სანამ მათი კომპანია საერთოდ შეიქმნება, რაც ფირმის წარმატების მთავარ გარანტად რჩება.
წყარო: techcrunch.com





