ორპარტიული კანონპროექტი Kalshi-სა და Polymarket-ზე სპორტული ფსონების აკრძალვას ისახავს მიზნად

სენატორებმა ადამ შიფმა და ჯონ კერტისმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პროგნოზირების ბაზრებს, Kalshi-სა და Polymarket-ს, აუკრძალოს მომხმარებლებისთვის სპორტულ მოვლენებზე ფსონების განთავსება ან კაზინოს სტილის თამაშების შეთავაზება.

აღნიშნული ინიციატივა არ შეეხება FanDuel-სა და DraftKings-ს, რადგან ისინი ექვემდებარებიან ცალკეული შტატების აზარტული თამაშების კანონმდებლობას და არა ფედერალურს.

„სპორტული პროგნოზირების კონტრაქტები იგივე სპორტული ფსონებია, უბრალოდ სხვა სახელით. მიუხედავად ამისა, ეს კონტრაქტები ამჟამად ხელმისაწვდომია ყველა შტატში, რაც პირდაპირ არღვევს შტატისა და ფედერალურ კანონებს,“ — განაცხადა შიფმა.

აშშ-ში აზარტული თამაშები განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2018 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. სპორტული ფსონების საერთო მოცულობა 2017 წელს არსებული 4.9 მილიარდი დოლარიდან 2023 წელს 121.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

Kalshi და Polymarket რეგულირდება CFTC-ის (სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია) მიერ, რაც სენატორებს საშუალებას აძლევს ფედერალურ დონეზე მოახდინონ რეაგირება. აღსანიშნავია, რომ წელს Kalshi-ზე Super Bowl-ის სავაჭრო მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიური 2700%-იანი ზრდაა.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებული შიშები საფუძვლიანია. კვლევების თანახმად, ონლაინ ტოტალიზატორების გაჩენის შემდეგ, დამოკიდებულებასთან დაკავშირებული დახმარების ძიება 61%-ით გაიზარდა.

Kalshi-ს წარმომადგენლის განცხადებით, ეს კანონპროექტი შეზღუდავს კონკურენციას და მომხმარებლებს ოფშორული ბაზრებისკენ უბიძგებს. მისი თქმით, ინიციატივა ტრადიციული კაზინოების ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომლებსაც კონკურენციის ეშინიათ.

ამავდროულად, პლატფორმამ დაანონსა ახალი სკრინინგის ფუნქციები, რათა შეზღუდოს ინსაიდერული ვაჭრობა და მანიპულაციები პოლიტიკასა და სპორტში. მსგავსი წესები Polymarket-მაც განაახლა და მომხმარებლებს აუკრძალა ფარული და მოპარული ინფორმაციის გამოყენებით ფსონების განთავსება.

წყარო: techcrunch.com