მსოფლიოში პირველი გაუმჯობესებული გეოთერმული ელექტროსადგური 23 თვეში აშენდა

გეოთერმულმა კომპანიამ Fervo Energy-მ განაცხადა, რომ 30 სექტემბერს, გეგმაზე ერთი დღით ადრე, Cape Station-ის ელექტროსადგურიდან ენერგიის ქსელში მიწოდება დაიწყო. ამით Fervo გახდა პირველი კომპანია, რომელმაც გაუმჯობესებული გეოთერმული ენერგიის სფეროში მნიშვნელოვან კომერციულ ეტაპს მიაღწია.

ამჟამად ამოქმედდა 100-მეგავატიანი სიმძლავრის პირველი მესამედი, თუმცა კომპანიის განცხადებით, სადგურის პოტენციური სიმძლავრე 4 გიგავატამდეა. Fervo-ს თანადამფუძნებლისა და CEO-ს, ტიმ ლატიმერის თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტი მსოფლიოში აქამდე არავის განუხორციელებია.

პროექტის პირველი ბლოკის მშენებლობას 23 თვე დასჭირდა, თუმცა კომპანია გეგმავს, რომ მომავალი ბლოკები 18 თვეში დაასრულოს. ეს სისწრაფე განსაკუთრებით მიმზიდველია მონაცემთა ცენტრების ოპერატორებისთვის, რომლებიც ენერგიის სტაბილურ წყაროებს ეძებენ. პროექტის პარტნიორებს შორის არიან Google და Southern California Edison.

Fervo ტრადიციული გეოთერმული მეთოდებისგან განსხვავებით, ნავთობისა და გაზის სექტორში გამოყენებულ ბურღვის ტექნოლოგიებს იყენებს, რაც საშუალებას იძლევა უფრო ღრმა და ცხელ ფენებზე წვდომით ენერგია უფრო ეფექტურად გამომუშავდეს. 2017 წელს დაარსებულმა სტარტაპმა, რომელმაც ინვესტორებისგან, მათ შორის Breakthrough Energy Ventures-ისგან, 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი მოიზიდა, ინდუსტრიაში ახალი სტანდარტები დაამკვიდრა.

წყარო: techcrunch.com