მარკ ცუკერბერგი: AI აგენტების განვითარების ტემპი მოლოდინს ჩამორჩება

Meta-ს მაგალითი ცხადყოფს, რომ ადამიანური რესურსის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე ეს თავდაპირველად ჩანდა. Reuters-ის ცნობით, კომპანიის შიდა შეხვედრაზე მარკ ცუკერბერგმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ AI აგენტების განვითარების ტემპი არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რაც ხელმძღვანელობას ჰქონდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში Meta-მ დაახლოებით 8 000 თანამშრომელი გაათავისუფლა, რაც კორპორატიული შტატის 10%-ს შეადგენს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კიდევ 7 000 ადამიანი სხვადასხვა AI ჯგუფში, მათ შორის „აგენტების ტრანსფორმაციის“ (Agent Transformation) მიმართულებით გადაანაწილეს. ცუკერბერგმა აღიარა, რომ ეს საკადრო ცვლილებები არ იყო ისეთი „სუფთა“, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ. მისი თქმით, გადაწყვეტილება ტექნოლოგიური ინდუსტრიის სწრაფ ცვლილებებთან ადაპტაციის აუცილებლობამ განაპირობა.

კომპანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ახალი სტრუქტურის პოტენციური სარგებელი ჯერჯერობით არ გამართლებულა, თუმცა იმედოვნებს, რომ მომდევნო სამიდან ექვს თვემდე პერიოდში AI ინვესტიციების შედეგები თვალსაჩინო გახდება. მიუხედავად ამისა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ Meta-ს AI განყოფილებაში დასაქმებული ინჟინრები სამუშაო გარემოთი უკმაყოფილონი არიან.

Meta აგრძელებს AI ტექნოლოგიებში მასშტაბურ ინვესტირებას. Reuters-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს კომპანია AI ინფრასტრუქტურისთვის 145 მილიარდ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს.

წყარო: techcrunch.com