
ჯეკ დორსის დეცენტრალიზებული მესენჯერი Bitchat, რომელიც ინტერნეტის გარეშე ფუნქციონირებისთვისაა შექმნილი, ინდოეთში Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მაღაზიებიდან გაქრა. ეს გადაწყვეტილება ინდოეთის მთავრობის მიერ გაცემული ოფიციალური ბრძანების შედეგია.
დორსის მიერ X-ზე გამოქვეყნებული Apple-ის შეტყობინების თანახმად, ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ მოითხოვა აპლიკაციის წაშლა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტის“ 69A მუხლის საფუძველზე, რომელიც მთავრობას ონლაინ რესურსების დაბლოკვის უფლებას ანიჭებს. Bitchat-ის ვებგვერდი ასევე მიუწვდომელია ინდოეთის ინტერნეტ პროვაიდერების უმრავლესობისთვის.
Bitchat, რომელიც გასული წლის ივლისში ჩაეშვა, Bluetooth mesh ქსელს იყენებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაცვალონ დაშიფრული შეტყობინებები ფიჭური ქსელების, ინტერნეტისა და ცენტრალიზებული სერვერების გარეშე. ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აპლიკაციის არქიტექტურა სამართალდამცავებს კომუნიკაციის მონიტორინგს ურთულებს, განსაკუთრებით ინტერნეტის გათიშვის პერიოდში.
ციფრული უფლებების დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Internet Freedom Foundation, ამ ნაბიჯს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ. მათი თქმით, კანონმდებლობა არ იძლევა მესენჯერის დაბლოკვის უფლებას მხოლოდ იმის გამო, რომ ის ინტერნეტის გათიშვის დროსაც მუშაობს. შეზღუდვები დაემთხვა ინდოეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სადაც დემონსტრანტები ინტერნეტის შეზღუდვის ფონზე აქტიურად იყენებდნენ Bitchat-ს.
წყარო: techcrunch.com






