
The Information-ის ცნობით, ილონ მასკის ახლად რებრენდირებული SpaceXAI ტოპ-ტალანტებს კარგავს. თებერვლის შემდეგ კომპანია 50-ზე მეტმა მკვლევარმა და ინჟინერმა დატოვა, მათ შორის კოდირების, world model-ებისა და Grok-ის ხმოვანი მიმართულების ძირითადმა ლიდერებმა.
კონკურენტები, როგორიცაა Meta და Thinking Machines Lab, ყოფილ თანამშრომლებს აქტიურად ასაქმებენ, ხოლო კომპანიის ძირითადი pre-training გუნდი მხოლოდ რამდენიმე ადამიანამდე შემცირდა. თებერვლიდან მოყოლებული, მინიმუმ 11-მა თანამშრომელმა xAI-დან Meta-ში გადაინაცვლა, ხოლო მინიმუმ შვიდი მირა მურატის Thinking Machines Lab-ს შეუერთდა.
თებერვალში SpaceX-მა შეიძინა xAI — ორივე მასკის მფლობელობაში მყოფი კომპანია — და მას შემდეგ ახალი მენეჯმენტი დანიშნა. ამ თვის დასაწყისში მასკმა გაერთიანებულ კომპანიას SpaceXAI ეწოდა.
განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია pre-training გუნდის წევრების, მათ შორის ლიდერის, ჯუნტანგ ჟუანგის წასვლამ. Pre-training ახალი AI მოდელების შექმნის პირველი ეტაპია და ბევრი სვამს კითხვას, ინარჩუნებს თუ არა კომპანია წამყვანი მოდელების განვითარების ამბიციას.
მოხსენების თანახმად, კადრების გადინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მასკის ექსტრემალური სამუშაო კულტურაა — რაზეც ხშირად ჩივიან თანამშრომლები მის სხვა კომპანიებშიც, მათ შორის Tesla-ში. წყაროს ცნობით, მასკი ტრენინგ-მოდელებისთვის არარეალურ ვადებს აწესებდა, რამაც Grok-ის განვითარების პროცესში ხარისხის დათმობა გამოიწვია.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი თანამშრომლის წასვლა შესაძლოა ფინანსური სარგებლის მიღების სურვილითაც იყოს განპირობებული. SpaceX რეგულარულად ატარებს ტენდერებს დასაქმებულებისთვის, რათა მათ კერძო წესით გაყიდონ თავიანთი აქციები. ზოგიერთი კი საკუთარი წილის ლიკვიდურობაში დარწმუნებულია, რადგან კომპანიისგან წარმატებულ IPO-ს მოელიან. როდესაც თანამშრომლები ფინანსურ სტაბილურობას ხედავენ, ნაკლებად სურთ დარჩნენ გარემოში, სადაც ზედმეტი წნეხის ქვეშ არიან და შესაძლოა აღარ მუშაობენ იმ წამყვან მოდელებზე, რომლებიც მათ რეალურად აინტერესებთ.
წყარო: techcrunch.com







