
ავტონომიური სამხედრო საფრენი აპარატების მწარმოებელმა Shield AI-მ Series G დაფინანსების რაუნდში $1.5 მილიარდი მოიზიდა, რის შედეგადაც კომპანიის შეფასებამ $12.7 მილიარდს მიაღწია. გარიგებას ლიდერობდნენ PE ფირმა Advent და JPMorganChase-ის საინვესტიციო ჯგუფი.
გარდა ამისა, Shield AI-მ Blackstone-ის მიერ მართულ ფონდებზე $500 მილიონის ღირებულების პრივილეგირებული აქციები გაყიდა და დამატებით $250 მილიონიანი საკრედიტო ხაზი უზრუნველყო. ეს კაპიტალი Shield-ს Aechelon Technology-ის შეძენაში დაეხმარება, რომელიც აშშ-ის სამხედრო პილოტების მოსამზადებლად ფრენის სიმულაციურ ტექნოლოგიებს ქმნის.
ახალი რაუნდი მას შემდეგ გაიმართა, რაც მარტში Shield-მა $240 მილიონი მოიზიდა ($5.3 მილიარდის შეფასებით). ეს ნიშნავს, რომ მისი ღირებულება ერთ წელიწადში 140%-ით გაიზარდა. ზრდის მთავარი მიზეზი ისაა, რომ თებერვალში Shield AI-ის Hivemind ავტონომიური პროგრამული უზრუნველყოფა აშშ-ის საჰაერო ძალების (US Air Force) საბრძოლო დრონების პროტოტიპირების პროგრამისთვის შეირჩა.
აღსანიშნავია, რომ Shield-ის პროგრამული უზრუნველყოფა კონკურენტ Anduril-ის ავტონომიურ გამანადგურებელთან, Fury-სთან სამუშაოდ გამოიყენება. მართალია Anduril-ს თავისი სისტემა გააჩნია, თუმცა საჰაერო ძალებს არ სურს, რომ ახალი თაობის ფლოტისთვის მხოლოდ ერთ ვენდორზე იყოს დამოკიდებული.
Shield-ის Series G რაუნდის სხვა ინვესტორებს შორის არიან Snowpoint Ventures, InnovationX, Riot Ventures, Disruptive და Apandion.
წყარო: techcrunch.com







