
ყოველი ახალი ტექნოლოგია ქმნის ახალ სამუშაო გარემოს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ შეცვლის მას AI. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ინტერფეისი საერთოდ გაქრეს.
სწორედ ეს არის ჯოშ სიროტას ხედვა, რომელმაც აგვისტოში დააარსა startup-ი Eragon და ახლახან 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა (კომპანიის შეფასებამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა), რათა enterprise მომხმარებლებისთვის აგენტური AI ოპერაციული სისტემა შექმნას.
სიროტას თეზისი მარტივია: „პროგრამული უზრუნველყოფა მკვდარია“. ღილაკები, დიალოგური ფანჯრები და ჩამოსაშლელი მენიუები წარსულს ჩაბარდა, მომავალში კი ბიზნესი prompt-ების საშუალებით წარიმართება. Eragon ცდილობს ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის სრული პაკეტი — Salesforce, Snowflake, Tableau და Jira — ერთიანი LLM ინტერფეისის მეშვეობით შესთავაზოს მომხმარებელს.
სიროტას, რომელიც Oracle-სა და Salesforce-ში go-to-market გუნდებში მუშაობდა, ინვესტორების დარწმუნება გაუმარტივდა მისი გამოცდილების წყალობით. Eragon-ის ინვესტორებს შორის არიან Arielle Zuckerberg (Long Journey Ventures), Soma Capital, Axiom Partners და სტრატეგიული ანგელოზები - მაიკ ნუპი და ელიას ტორესი.
Eragon იყენებს open source მოდელებს (როგორიცაა Qwen და Kimi), ატრენინგებს მათ მომხმარებელთა მონაცემთა ბაზებზე და აკავშირებს კომპანიის ელ.ფოსტებსა და სხვა რესურსებთან. სისტემაში ახალი მომხმარებლის დამატება მარტივი ბუნებრივი ენის prompt-ით ხდება, რის შემდეგაც პროგრამა ავტომატურად ქმნის მომხმარებლის მონაცემებს და cloud-ში Eragon-ის ახალ ინსტანციას უშვებს.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები AI აგენტების შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა კომპანია უკვე რეალურ სამუშაო გარემოში ტესტავს თავის პროდუქტს; Eragon უკვე გამოიყენება რამდენიმე დიდ ბიზნესსა და ათობით startup-ში.
კომპანიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებლის მონაცემები რჩება საკუთარ სერვერებსა და უსაფრთხო გარემოში, და თავად კომპანია ფლობს მოდელის წონებს. სიროტას მიაჩნია, რომ კორპორატიულ მონაცემებზე გაწვრთნილი მოდელები თავისთავად ძვირფას აქტივებად იქცევიან. მართალია, მოწინავე ლაბორატორიებს შესაძლოა უკეთესი მოდელები ჰქონდეთ, მაგრამ სანამ კომპანიებს მათთან წვდომა მხოლოდ API-ს საშუალებით მოუწევთ კონფიგურაციის ფლობის გარეშე, Eragon-ს ბაზარზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება.
მიუხედავად დიდი კონკურენციისა, სიროტა დანებებას არ აპირებს და ელის, რომ წლის ბოლომდე Eragon მილიარდდოლარიანი კომპანია გახდება. მან იცის, რომ AI ინტეგრაციის კორპორატიული მცდელობების დიდი ნაწილი მარცხით სრულდება, თუმცა მიზნად ისახავს აღმასრულებელ დირექტორებს შესთავაზოს ისეთი ინსტრუმენტი, რომლითაც რეალურად შეძლებენ მუშაობას.
წყარო: techcrunch.com



