
Anthropic-მა კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში პარასკევს ორი ფიცით დადასტურებული ჩვენება წარადგინა, რითაც პასუხობს პენტაგონის მტკიცებას, თითქოს AI კომპანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის „მიუღებელ რისკს“ წარმოადგენს. კომპანიის არგუმენტით, მთავრობის პოზიცია ტექნიკურ გაუგებრობას და ისეთ ბრალდებებს ეფუძნება, რომლებიც დავის დაწყებამდე, თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებისას არასდროს გაჟღერებულა.
დეკლარაციები წარდგენილია თავდაცვის დეპარტამენტის წინააღმდეგ Anthropic-ის საპასუხო სარჩელთან ერთად და უსწრებს მომავალ სამშაბათს, 24 მარტს, სან-ფრანცისკოში მოსამართლე რიტა ლინთან ჩანიშნულ მოსმენას.
დავა თებერვლის ბოლოს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა და თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა საჯაროდ განაცხადეს, რომ Anthropic-თან ურთიერთობას წყვეტდნენ, რადგან კომპანიამ უარი თქვა სამხედრო მიზნებისთვის საკუთარი AI ტექნოლოგიის შეუზღუდავ გამოყენებაზე.
ჩვენებები წარადგინეს სარა ჰეკმა (Sarah Heck), Anthropic-ის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა და თიაგუ რამასამიმ (Thiyagu Ramasamy), კომპანიის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.
ჰეკი ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს თეთრ სახლში მუშაობდა, სანამ Stripe-ში, შემდეგ კი Anthropic-ში გადავიდოდა, სადაც ის სამთავრობო ურთიერთობებსა და პოლიტიკას ხელმძღვანელობს. ის პირადად ესწრებოდა 24 თებერვლის შეხვედრას, სადაც CEO დარიო ამოდეი თავდაცვის მდივან ჰეგსეთსა და პენტაგონის მდივნის მოადგილე ემილ მაიკლს შეხვდა.
თავის დეკლარაციაში ჰეკი მთავრობის დოკუმენტებში არსებულ მთავარ სიცრუეზე ამახვილებს ყურადღებას: თითქოს Anthropic სამხედრო ოპერაციებზე კონტროლის ან დამტკიცების უფლებას ითხოვდა. მისი თქმით, ეს უბრალოდ ტყუილია. „დეპარტამენტთან მოლაპარაკებების დროს, არც მე და არც კომპანიის სხვა თანამშრომელს არასდროს გვითქვამს, რომ კომპანიას მსგავსი როლი სურდა,“ - წერს იგი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ პენტაგონის შეშფოთება იმის შესახებ, თითქოს Anthropic-ს შეეძლო ტექნოლოგიის გათიშვა ან შეცვლა ოპერაციის მიმდინარეობისას, მოლაპარაკებებზე არასდროს განხილულა. მისი თქმით, ეს პირველად მხოლოდ სასამართლო დოკუმენტებში გამოჩნდა, რამაც კომპანიას პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა.
ჰეკის დეკლარაციაში კიდევ ერთი საყურადღებო დეტალია: 4 მარტს — პენტაგონის მიერ Anthropic-ის წინააღმდეგ მიწოდების ჯაჭვის რისკის სტატუსის ოფიციალურად მინიჭებიდან მეორე დღეს — მდივნის მოადგილე მაიკლმა ამოდეის მისწერა, რომ ორივე მხარე „ძალიან ახლოს“ იყო იმ ორ საკითხზე, რომლებსაც ახლა მთავრობა Anthropic-ის წინააღმდეგ იყენებს: ავტონომიური იარაღი და ამერიკელებზე მასობრივი მეთვალყურეობა.
ელფოსტა, რომელიც ჰეკმა მტკიცებულებად დაურთო, განსაკუთრებით საინტერესოა მაიკლის შემდგომი საჯარო განცხადებების ფონზე. 5 მარტს ამოდეიმ განაცხადა, რომ კომპანიას პენტაგონთან „პროდუქტიული საუბრები“ ჰქონდა. მეორე დღეს მაიკლმა X-ზე დაწერა, რომ Anthropic-თან „არანაირი აქტიური მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.“ ერთი კვირის შემდეგ კი CNBC-სთან თქვა, რომ საუბრების განახლების „შანსი არ იყო.“
ჰეკის მთავარი არგუმენტია: თუ Anthropic ამ ორ საკითხზე პოზიციის გამოა ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე, მაშინ რატომ აცხადებდა პენტაგონის ოფიციალური პირი, რომ პოზიციები თითქმის შეთანხმებული იყო სტატუსის მინიჭებისთანავე?
რამასამის საქმეში განსხვავებული ტიპის ექსპერტიზა შემოაქვს. 2025 წელს Anthropic-ში გადმოსვლამდე, მან ექვსი წელი გაატარა Amazon Web Services-ში, სადაც სამთავრობო კლიენტებისთვის (მათ შორის გასაიდუმლოებულ გარემოში) AI დანერგვებს მართავდა. Anthropic-ში სწორედ მან შექმნა გუნდი, რომელმაც Claude-ის მოდელები ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში შეიტანა, მათ შორის პენტაგონთან გაფორმებული 200 მილიონ დოლარიანი კონტრაქტის ფარგლებში.
მისი დეკლარაცია პასუხობს მთავრობის მტკიცებას, თითქოს Anthropic-ს თეორიულად შეუძლია სამხედრო ოპერაციებში ჩარევა. რამასამი ხსნის, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც Claude განთავსდება მთავრობის დაცულ, გარე ქსელიდან იზოლირებულ (air-gapped) სისტემაში, კომპანიას მასზე წვდომა არ აქვს. არ არსებობს დისტანციური გათიშვის ღილაკი (kill switch), ე.წ. backdoor, ან არაავტორიზებული განახლებების მექანიზმი. ნებისმიერი „ოპერაციული ვეტო“ ფიქციაა, რადგან მოდელის შეცვლას პენტაგონის მკაფიო თანხმობა და ინსტალაციის აქტიური ქმედება სჭირდება.
უფრო მეტიც, ის აცხადებს, რომ Anthropic-ს არც კი შეუძლია დაინახოს, რას წერენ სამთავრობო მომხმარებლები სისტემაში, მით უმეტეს - მონაცემების ამოღება.
რამასამი ასევე უარყოფს მტკიცებას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება კომპანიას უსაფრთხოების რისკად აქცევს. იგი აღნიშნავს, რომ Anthropic-ის თანამშრომლებმა გაიარეს აშშ-ის მთავრობის უსაფრთხოების შემოწმება - იგივე პროცესი, რაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე წვდომისთვისაა საჭირო.
Anthropic-ის სარჩელი ამტკიცებს, რომ მიწოდების ჯაჭვის რისკის სტატუსის მინიჭება — რაც ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს — პირველი შესწორების (First Amendment) დარღვევაა და წარმოადგენს მთავრობის შურისძიებას კომპანიის მიერ AI უსაფრთხოებაზე ღიად დაფიქსირებული პოზიციების გამო.
მთავრობამ 40-გვერდიან დოკუმენტში სრულად უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ ტექნოლოგიის სამხედრო გამოყენებაზე უარის თქმა იყო ბიზნესგადაწყვეტილება, ხოლო სტატუსის მინიჭება ეროვნული უსაფრთხოების ობიექტური საჭიროებით იყო ნაკარნახევი.
წყარო: techcrunch.com



