Anthropic და OpenAI enterprise AI სერვისებისთვის ერთობლივ საწარმოებს ქმნიან

ორშაბათს, Anthropic-მა განაცხადა ერთობლივი საწარმოს (joint venture) შექმნის შესახებ, რომელიც ორიენტირებულია enterprise AI სერვისების დანერგვაზე. Blackstone, Hellman & Friedman და Goldman Sachs იქნებიან ახალი საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორები. პროექტს მხარს უჭერენ VC-ები, ჰეჯ-ფონდები და private equity ფირმები, მათ შორის Apollo Global Management, General Atlantic, GIC, Leonard Green და Sequoia Capital.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ახალი საწარმო 1.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც მოიცავს Anthropic-ის, Blackstone-ისა და Hellman & Friedman-ის მიერ 300-300 მილიონი დოლარის ინვესტიციას.

ეს განცხადება დაემთხვა Anthropic-ის მთავარი კონკურენტის ანალოგიურ ნაბიჯს. რამდენიმე საათით ადრე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ OpenAI მსგავსი პროექტისთვის, სახელწოდებით The Development Company, ფინანსებს იზიდავს. OpenAI-ის საწარმო უფრო მასშტაბური იქნება: 19 ინვესტორისგან 4 მილიარდ დოლარს მოიზიდავს და 10 მილიარდ დოლარად შეფასდება. ინვესტორებს შორის არიან TPG, Brookfield Asset Management, Advent და Bain Capital. საგულისხმოა, რომ OpenAI-ისა და Anthropic-ის პროექტების ინვესტორები არ იკვეთებიან.

ორივე საწარმოს ლოგიკა იდენტურია: ალტერნატიული აქტივების მმართველებისგან კაპიტალის მოზიდვა enterprise AI გარიგებებისთვის ახალი არხების შესაქმნელად. საწარმოები, სავარაუდოდ, მიიღებენ პრივილეგირებულ წვდომას თავიანთი ინვესტორების პორტფელის კომპანიებზე, ხოლო ინვესტორები - მეტ სარგებელს გაფორმებული კონტრაქტებიდან.

ახალი კაპიტალი ასევე საშუალებას მისცემს კომპანიებს მეტი საინჟინრო რესურსი დაუთმონ თითოეულ კლიენტს, რაც Palantir-ის მიერ პოპულარიზებულ FDE (forward-deployed engineer) მოდელს ეფუძნება.

Anthropic-ის განცხადებით: "თანამშრომლობა შეიძლება დაიწყოს საინჟინრო გუნდის შეხვედრით კლინიცისტებთან და IT პერსონალთან, რათა შეიქმნას ინსტრუმენტები, რომლებიც მორგებული იქნება მათ ყოველდღიურ სამუშაო პროცესზე... მსგავსი პროექტები განხორციელდება სხვადასხვა ინდუსტრიის საშუალო ზომის კომპანიებში."

ახალი პროექტები იმ ფონზე იქმნება, როცა ორივე AI ლაბორატორია აქტიურად იზიდავს კაპიტალს და შესაძლო IPO-ს განიხილავს. მარტის ბოლოს OpenAI-მ 852 მილიარდი დოლარის შეფასებით 122 მილიარდი დოლარის ახალი დაფინანსების შესახებ განაცხადა. TechCrunch-ის გასული კვირის ინფორმაციით კი, Anthropic დაფინანსების რაუნდის დასკვნით ეტაპზეა და 900 მილიარდიანი შეფასებით 50 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს.

წყარო: techcrunch.com