
ბრეტ ტეილორის AI სტარტაპმა Sierra $950-მილიონიანი დაფინანსების რაუნდი დახურა, რომელსაც Tiger Global და GV ლიდერობდნენ. შედეგად, კომპანიის შეფასებამ $15 მილიარდს გადააჭარბა. ახალი კაპიტალით Sierra გეგმავს გახდეს „გლობალური სტანდარტი“ AI-ზე დაფუძნებულ მომხმარებელთა მომსახურებაში (customer experiences).
Sierra-მ სულ რაღაც ორი წლის წინ ოთხი დიზაინ-პარტნიორით დაიწყო. დღეს კი ის Fortune 50-ის კომპანიების 40%-ზე მეტს ემსახურება. პლატფორმაზე მომუშავე აგენტები მილიარდობით ტრანზაქციას ამუშავებენ — დაწყებული იპოთეკური სესხების რეფინანსირებიდან, სადაზღვევო მოთხოვნების მართვითა და ქველმოქმედების კამპანიებით დასრულებული.
დაფინანსების ეს სიახლე კომპანიის შემოსავლების სწრაფ ზრდას მოჰყვა. ნოემბრის ბოლოს Sierra-მ განაცხადა, რომ $100 მილიონიან წლიურ განმეორებად შემოსავალს (ARR) მიაღწია, თებერვლის დასაწყისში კი ეს რიცხვი უკვე $150 მილიონამდე გაიზარდა.
ეს ტემპი ასახავს კორპორაციების გადაუდებელ საჭიროებას, დანერგონ AI, და იმ ხარჯებსაც, რაც მას ახლავს. ტეილორის (რომელიც ასევე არის OpenAI-ის თავმჯდომარე და Salesforce-ის ყოფილი თანა-CEO) თქმით, agentic AI-ის მთავარი მიზანი კლიენტებისთვის ხარჯების შემცირება და შემოსავლების ზრდაა, თუმცა ამ შედეგების მიღწევამდე მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ ძვირადღირებულია.
ეს სცენარი დაადასტურა Uber-ის ტექნიკურმა დირექტორმა პრავინ ნეპალი ნაგამ. მისი თქმით, Uber-მა აგენტური AI ინსტრუმენტების დანერგვისთანავე მთლიანად აითვისა გამოყოფილი ბიუჯეტი, თუმცა უკვე ხედავს მნიშვნელოვან შედეგებს. 8,000 ინჟინრის მიერ შექმნილი კოდის დაახლოებით 10% ახლა ავტონომიურად გენერირდება. როგორც კონცეფციის დასტური, ერთ-ერთმა გუნდმა სასტუმროების ჯავშნის ახალი ინტეგრაცია მხოლოდ აგენტური სამუშაო ნაკადების გამოყენებით შექმნა — სამუშაო, რომელსაც ჩვეულებრივ ერთი წელი დასჭირდებოდა, 6 თვეში დასრულდა.
Sierra ასევე აფართოებს პლატფორმის შესაძლებლობებს. აპრილში კომპანიამ გამოუშვა Ghostwriter — ინსტრუმენტი, რომელიც სხვა აგენტების შესაქმნელად გამოიყენება. მომხმარებლები უბრალოდ აღწერენ თავიანთ საჭიროებებს, Ghostwriter კი ავტონომიურად ქმნის და ნერგავს სპეციალიზებულ აგენტს.
როგორც ტეილორმა HumanX კონფერენციაზე აღნიშნა, enterprise პროგრამული უზრუნველყოფის ბევრი ინსტრუმენტი თითქმის არ გამოიყენება. მომავალი, რომელზეც Sierra და მისი ინვესტორები ფსონს დებენ, არის სამყარო, სადაც ადამიანებს რთულ სისტემებში ნავიგაცია საერთოდ აღარ დასჭირდებათ.
წყარო: techcrunch.com







