
აშშ-ის ადმინისტრაციამ უცხოური წარმოების ჰუმანოიდური რობოტების, რობოტი-ძაღლებისა და ელექტროენერგიის ინვერტორების იმპორტზე აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არსებულ „მიუღებელ“ რისკებს უკავშირდება და ძირითადად ჩინურ ტექნოლოგიებს ეხება, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე დომინანტური პოზიცია უკავიათ.
აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) განცხადებით, საზღვარგარეთ წარმოებული მოწყობილობები შესაძლოა უცხოური მთავრობების მიერ დისტანციურად იქნას მართული, გამოყენებული სათვალთვალოდ ან კიბერშეტევების განსახორციელებლად. კომისია აღნიშნავს, რომ გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა არ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანოიდური რობოტები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, მათი ბაზარი სწრაფად იზრდება. 2025 წელს მსოფლიოში დაახლოებით 15 000 ასეთი რობოტი გაიყიდა, რომელთა უმეტესობა ჩინური კომპანიების მიერ იყო წარმოებული. რაც შეეხება ინვერტორებს, რომლებიც მზის ენერგიის სისტემებს ელექტროქსელთან აკავშირებს, აკრძალვა მხოლოდ ახალ მოწყობილობებს ეხება და არ ვრცელდება უკვე დამონტაჟებულ ტექნიკაზე.
ეს ნაბიჯი აშშ-ის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მანამდე TikTok-ის, სათვალთვალო მოწყობილობების მწარმოებელი Hikvision-ისა და Dahua-ს, ასევე სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების შეზღუდვას მოიცავდა. პეკინმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საკუთარი ბიზნესის დასაცავად „ყველა საჭირო ზომას“ მიიღებს.
წყარო: techcrunch.com






