აშშ-ის არმიამ Anduril-თან 20 მილიარდ დოლარამდე ღირებულების კონტრაქტი გააფორმა

აშშ-ის არმიის განცხადებით, მათ თავდაცვის ტექნოლოგიურ startup Anduril-თან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 20 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, კონტრაქტი იწყება ხუთწლიანი „საბაზისო პერიოდით“, დამატებითი ხუთი წლით გახანგრძლივების უფლებით და მოიცავს Anduril-ის hardware-ს, software-ს, ინფრასტრუქტურასა და სერვისებს.

არმია აღწერს ამ შეთანხმებას, როგორც ერთიან კორპორატიულ კონტრაქტს, რომელიც აერთიანებს „120-ზე მეტ ცალკეულ შესყიდვის პროცედურას Anduril-ის კომერციული გადაწყვეტილებებისთვის“.

„თანამედროვე ბრძოლის ველი სულ უფრო მეტად განისაზღვრება software-ით,“ — აღნიშნა თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი ინფორმაციული ოფიცრის ოფისის ტექნოლოგიურმა დირექტორმა, გეიბ კიულიმ. „ჩვენი უპირატესობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია პროგრამული შესაძლებლობების სწრაფად და ეფექტურად შეძენა და დანერგვა.“

Anduril-ის თანადამფუძნებელია პალმერ ლაკი, რომელიც მანამდე ცნობილი იყო VR startup Oculus-ის Facebook-ისთვის (ამჟამად Meta) მიყიდვით. Facebook-მა ლაკი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც გავრცელდა ინფორმაცია მისი მხრიდან პრო-ტრამპული პოლიტიკური ჯგუფის დაფინანსების შესახებ, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა.

ლაკი არაერთხელ აცხადებდა, რომ მედიამ მისი პოლიტიკური შეხედულებები დაამახინჯა, თუმცა The New York Times-ის ბოლო სტატიის თანახმად, ტრამპის მეორე ადმინისტრაციამ ლაკი და Anduril თბილად მიიღო, რაც განპირობებულია მისი ხედვით აშშ-ის სამხედრო სფეროს ტრანსფორმაციის შესახებ ავტონომიური გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. კომპანიამ (რომელსაც სახელი, Palantir-ის მსგავსად, „ბეჭდების მბრძანებლის“ ჯადოსნური ნივთის მიხედვით ჰქვია) გასულ წელს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, წერს NYT.

სხვა წყაროების თანახმად, Anduril აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი დაფინანსების რაუნდის მოსაზიდად, სადაც კომპანიის შეფასება 60 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული განცხადება ემთხვევა თავდაცვის დეპარტამენტისა და Anthropic-ის მიმდინარე დავას. AI კომპანია უჩივის თავდაცვის დეპარტამენტს მას შემდეგ, რაც წარუმატებელი მოლაპარაკებების გამო, ის მიწოდების ჯაჭვის საფრთხედ გამოცხადდა. პარალელურად, OpenAI მომხმარებლების კრიტიკის სამიზნე გახდა და პენტაგონთან გარიგების გაფორმების შემდეგ ერთ-ერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანია დატოვა.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ლაკიმ აღნიშნა, რომ Anthropic-ის მცდელობა, დააწესოს წითელი ხაზები AI-ის ავტონომიურ იარაღსა თუ შიდა მასობრივ მეთვალყურეობაში გამოყენებაზე, არის „მიუღებელი პოზიცია, რომელსაც შეერთებული შტატები ვერანაირად ვერ დაეთანხმება.“

წყარო: techcrunch.com