
კიბერუსაფრთხოების ცნობილი ექსპერტი, Mikko Hyppönen, რომელმაც 35 წელზე მეტი malware-თან ბრძოლას დაუთმო, ახლა ახალ გამოწვევაზე გადაერთო: ადამიანების დაცვა დრონებისგან.
Black Hat-ის 2025 წლის ღონისძიებაზე მან კიბერუსაფრთხოება ტეტრისს შეადარა: „თქვენი წარმატებები ქრება, ხოლო შეცდომები გროვდება. ჩვენი გამოწვევა ისაა, რომ ჩვენი სამუშაო უხილავია... როცა საქმეს იდეალურად ასრულებ, შედეგად არაფერი ხდება.“
ჰობის დონიდან $250-მილიარდიან ინდუსტრიამდე
1980-იანი წლებიდან მოყოლებული, Hyppönen კომპიუტერული ვირუსების ევოლუციას აკვირდებოდა. მან კარიერა Commodore 64-ის თამაშების reverse engineering-ით დაიწყო და F-Secure-ში განაგრძო. ადრეულ წლებში ვირუსებს (მაგალითად, ცნობილ ILOVEYOU-ს, რომელიც მან კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა) ძირითადად ენთუზიაზმით ქმნიდნენ. დღეს კი, malware-ის შექმნა სერიოზული დანაშაულებრივი ან სახელმწიფოებრივი ბიზნესია.
თუმცა, კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიამაც უდიდესი ნაბიჯები გადადგა. თანამედროვე მოწყობილობების, მაგალითად iPhone-ის ან Chrome-ის დაჰაკვა იმდენად რთული და ძვირადღირებულია, რომ ეს მხოლოდ დიდი რესურსების მქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ. ტრადიციულ კიბერსივრცეში მიღწეული წარმატების ფონზე, დრონების ომი თითქმის შეუსწავლელ ტერიტორიად რჩება.
ბრძოლა დრონების წინააღმდეგ
2025 წლის შუა პერიოდში Hyppönen ჰელსინკში დაფუძნებულ კომპანია Sensofusion-ს შეუერთდა, როგორც მთავარი მკვლევარი. კომპანია სამართალდამცავი ორგანოებისა და სამხედროებისთვის anti-drone სისტემებს ქმნის.
ამ ნაბიჯის მთავარი მოტივატორი უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის საფრთხეა. როგორც ფინეთის მოქალაქე და სამხედრო რეზერვისტი, ის აცნობიერებს საზღვართან არსებულ რისკებს. „ჩვენ ადამიანების მხარეს ვართ მანქანების წინააღმდეგ. ეს სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ ძალიან კონკრეტული საქმეა,“ ამბობს ის.
Hyppönen-ის თქმით, malware-სა და დრონებთან ბრძოლას შორის ბევრი პარალელია. როგორც კიბერუსაფრთხოებაში იყენებენ სიგნატურებს ვირუსების აღმოსაჩენად, დრონების შემთხვევაშიც შესაძლებელია მათი რადიოსიხშირეების ამოცნობა. თუ დრონის მართვის პროტოკოლსა და სიხშირეს დაადგენთ, შესაძლებელია კიბერთავდასხმის განხორციელება და მისი ჩამოგდება.
მისივე თქმით, მტრის ვინაობაც უცვლელი დარჩა: „ჩემი კარიერის დიდი ნაწილი რუსული malware თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლას დავუთმე. ახლა კი რუსული დრონების თავდასხმებს ვებრძვი.“
წყარო: techcrunch.com







