Y Combinator-ის კურსდამთავრებული Skio $105 მილიონად გაიყიდა — სტარტაპს მხოლოდ $8 მილიონი ჰქონდა მოზიდული

კომპანიებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ კონკურენტმა Recharge-მა 2020 წლის Y Combinator-ის კურსდამთავრებული სტარტაპი, Skio შეიძინა, რომელიც Kennan Frost-მა დააარსა.

ორივე კომპანია ბრენდებისთვის სააბონენტო გადახდების მართვის პროდუქტებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ პრესრელიზში გარიგების დეტალები არ გასაჯაროებულა, Frost-მა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ სტარტაპი $105 მილიონად გაიყიდა, მაშინ როცა ინვესტორებისგან მხოლოდ $8 მილიონი ჰქონდა მოზიდული. ეს ნებისმიერი სტანდარტით უაღრესად მაღალი უკუგებაა.

Frost-ი კომპანიას უკვე დაახლოებით ორი წელია აღარ მართავს. Skio-ს ამჟამინდელი CEO-ს, Aidan Thibodeaux-ის თქმით, მენეჯმენტის გადაბარების შემდეგ გუნდმა შეწყვიტა მარკეტინგზე, რეკლამებსა და გაყიდვების გუნდზე თანხის ხარჯვა და ფინანსები ექსკლუზიურად პროდუქტის განვითარებისკენ მიმართა. გაყიდვების ყველა ზარს ის და დამფუძნებელი CTO, Andrew Chen პირადად ახორციელებდნენ.

Frost-ის ისტორია საკმაოდ საინტერესოა. მან სტარტაპი მარტომ დააარსა მას შემდეგ, რაც Pinterest-ში ინჟინრის პოზიცია დატოვა. YC-ის პროგრამის განმავლობაში მან პირველადი იდეა შეცვალა (pivot) და სააბონენტო სისტემაზე ფოკუსირდა. სამ წელიწადში კომპანიამ $10 მილიონიან ARR-ს მიაღწია და მომგებიანი გახდა. მოგვიანებით კი ახალმა გუნდმა ეს საწყისი წარმატება რეალურ ბიზნესად აქცია.

მისმა YC მრჩეველმა, Gustaf Alströmer-მა დაადასტურა გაყიდვის პირობები და აღნიშნა: "დამფუძნებლობა რთულია. მარტო დაფუძნება გაცილებით რთული. Kennan-მა YC-ის პროგრამისას ორჯერ გააკეთა pivot-ი და არასდროს დანებებულა."

Frost-ის თქმით, გაყიდვის მომენტში კომპანიის ARR $32 მილიონს შეადგენდა და $4 მილიარდის ღირებულების ტრანზაქციები ჰქონდა დამუშავებული. ის ახლა თავის ახალ სტარტაპზე, Icon-ზე მუშაობს, რომელიც რეკლამების გენერირებისა და კამპანიების მონიტორინგისთვის განკუთვნილ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს.

წყარო: techcrunch.com