
ჩინური ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი კომპანია Pony.ai და Uber პარტნიორობის გაფართოების ფარგლებში ევროპის ოთხ ქალაქში 2 000 უპილოტო ტაქსის (robotaxi) შეყვანას გეგმავენ. ეს ნაბიჯი ორივე კომპანიის ამბიციას ადასტურებს, დაიკავონ წამყვანი პოზიციები განვითარებად უპილოტო ტაქსების ბაზარზე.
ბოლო წლების განმავლობაში Uber-მა 30-ზე მეტ ავტონომიური მართვის ტექნოლოგიების მქონე კომპანიასთან დაამყარა თანამშრომლობა. თავის მხრივ, Pony.ai უკვე ოპერირებს ჩინეთის ოთხ ქალაქში და აქტიურად მუშაობს ადგილობრივ სატრანსპორტო უწყებებთან, რათა საკუთარი სერვისი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე გაიტანოს.
კომპანიებს ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ ზუსტი ვადები და ის ქალაქები, სადაც სერვისი ამოქმედდება, თუმცა ცნობილია, რომ დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი. გაფართოებული პარტნიორობა გულისხმობს ე.წ. „ერთობლივი განლაგების მოდელს“ (joint-deployment model), რაც კომერციული მასშტაბების მიღწევას გაამარტივებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, Pony.ai უზრუნველყოფს ავტონომიური მართვის ტექნოლოგიას, ხოლო Uber საკუთარ ფართომასშტაბიან პლატფორმას დაუთმობს. ავტოპარკის მართვა, მათ შორის ტექნიკური მომსახურება, წმენდა და დამუხტვა, ადგილობრივი პარტნიორების პასუხისმგებლობა იქნება, რაც ბაზრის სპეციფიკის მიხედვით განსხვავდება.
შეგახსენებთ, რომ Uber-ისა და Pony.ai-ს თანამშრომლობა 2025 წლის მაისში დაიწყო, თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე ფოკუსირებით. მოგვიანებით, კომპანიებმა ხორვატიულ Verne-თან ერთად ზაგრებში კომერციული უპილოტო ტაქსების სერვისის დაწყების გეგმებიც გააჟღერეს.
წყარო: techcrunch.com






