
Truecaller-ი, რომელსაც 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, განვითარების რთულ ეტაპზე გადადის. ზრდის ტემპი მის ყველაზე დიდ ბაზარზე ნელდება, ხოლო ტელეკომ ოპერატორებისა და სმარტფონების მწარმოებლების მხრიდან კონკურენცია მძაფრდება.
კომპანიის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინდოეთი იყო, სადაც 350 მილიონზე მეტი მომხმარებელია თავმოყრილი. თუმცა, კონკურენციის ზრდასთან ერთად, აპლიკაციის გადმოწერების რაოდენობა მცირდება. Sensor Tower-ის მონაცემებით, 2025 წელს ინდოეთში გადმოწერები 16%-ით, ხოლო გლობალურად 5%-ით შემცირდა. 2021 წლის IPO-ს შემდეგ Truecaller-ის აქციების ფასი დაახლოებით 78%-ით დაეცა, რაც ინვესტორების შეშფოთებას იწვევს კომპანიის ბიზნეს მოდელისა და სამომავლო პერსპექტივების მიმართ.
მთავარი გამოწვევა რეკლამებია
ინდოეთში ტელეკომ-ოპერატორების მიერ დანერგილი Calling Name Presentation (CNAP), რომელიც მომხმარებლებს მესამე მხარის აპლიკაციების გარეშე სთავაზობს აბონენტის ვინაობის იდენტიფიკაციას, სერიოზულ კონკურენციად მიიჩნევა. თუმცა, Truecaller-ის აღმასრულებელი დირექტორის, რიშიტ ჯჰუნჯჰუნვალას თქმით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ბევრად უფრო დახვეწილ, AI-ზე დაფუძნებულ სპამის აღმოჩენისა და თაღლითობის პრევენციის ინსტრუმენტებს.
ანალიტიკოსების აზრით, რეალური და მყისიერი საფრთხე არა CNAP, არამედ სარეკლამო შემოსავლების შემცირებაა. სარეკლამო შემოსავლებზე კომპანიის ბრუნვის 65%–70% მოდის. ცოტა ხნის წინ, Google-ის ალგორითმის ცვლილებების გამო, Truecaller-მა უმსხვილესი პარტნიორისგან სარეკლამო ტრაფიკის დაახლოებით მესამედი დაკარგა. რისკების დივერსიფიკაციის მიზნით კომპანია ახლა საკუთარი სარეკლამო პლატფორმის (Ad exchange) შექმნაზე მუშაობს.
In-app გაყიდვები და კორპორატიული სერვისები
მიუხედავად სარეკლამო სექტორში არსებული გამოწვევებისა, in-app გაყიდვები სწრაფად იზრდება და 2025 წელს რეკორდულ $39.3 მილიონს მიაღწია. ასევე, იზრდება კომპანიის პოზიციები iOS-ზე — 2020-2021 წლების 5%-იანი მაჩვენებლიდან ბოლო წლებში ის 11–12%-მდე ავიდა.
Truecaller-ის მონეტიზაციის კიდევ ერთი ძირითადი მიმართულებაა Truecaller for Business, რომელიც კომპანიებს ეხმარება იდენტიფიკაციასა და მომხმარებლებთან უსაფრთხო კომუნიკაციაში. 2025 წელს ამ სეგმენტის შემოსავალი 39%-ით გაიზარდა. პარალელურად, კომპანიას უკვე ჰყავს 4 მილიონზე მეტი ფასიანი გამომწერი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ირჩევენ რეკლამებისგან თავისუფალ გამოცდილებასა და AI-ზე დაფუძნებულ სპამის კონტროლს.
მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული კრიტიკისა და სმარტფონების (მათ შორის Apple-ის) ჩაშენებული ზარების კონტროლის ფუნქციების გაძლიერების მიუხედავად, Truecaller-ი კვლავ ხედავს ზრდის პოტენციალს. კომპანიის მიზანია შეინარჩუნოს ლიდერობა სამივე ძირითადი მიმართულებით — რეკლამები, კორპორატიული B2B სერვისები და პრემიუმ გამოწერები, თუმცა მისი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ადაპტაციას მუდმივად ცვალებად ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.
წყარო: techcrunch.com







