
Tesla-ს Cybercab, ელონ მასკის ამბიციური ორადგილიანი რობო-ტაქსი, საჯარო პრეზენტაციისთვის ემზადება. თუმცა, კითხვები იმის შესახებ, არის თუ არა საჭისა და პედლების გარეშე შექმნილი ეს ავტომობილი რეალურად მზად საჯარო გზებზე გადასაადგილებლად, კვლავ აქტუალურია.
არსებული ინფორმაციით, Tesla Cybercab-ის პრეზენტაციას ოსტინში, ტეხასის შტატში, მიმდინარე თვეში გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის თანამშრომლები ავტომობილს კერძო ტერიტორიებზე უკვე ტესტირებენ, ტექნოლოგიის უსაფრთხოება კვლავ კრიტიკის საგანია. Cybercab ეფუძნება Tesla-ს Full Self-Driving (Supervised) პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის ეფექტურობასაც დამოუკიდებელი ექსპერტები და მარეგულირებლები ეჭვქვეშ აყენებენ.
მთავარი გამოწვევა მონაცემთა ბაზაა. მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს მილიონობით ავტომობილი აგროვებს მონაცემებს, Cybercab-ს სჭირდება სპეციალიზებული ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ამ პლატფორმისთვისაა დამახასიათებელი. შედარებისთვის, Waymo-ს, რომელიც უკვე წლებია ოპერირებს, 220 მილიონზე მეტი ავტონომიური მილი აქვს გავლილი, მაშინ როცა Tesla-ს მაჩვენებელი გაცილებით მოკრძალებულია.
Cybercab-ის დიზაინი, რომელიც ტრადიციულ მართვის ელემენტებს მოკლებულია, ფედერალური უსაფრთხოების რეგულაციების გამო სერიოზულ ბარიერებს აწყდება. Tesla-ს მოუწევს დაამტკიცოს, რომ მისი ტექნოლოგია საკმარისად საიმედოა კომერციული ოპერირებისთვის. მიუხედავად მასკის ოპტიმიზმისა, Cybercab-ის გზა მასობრივ წარმოებამდე, სავარაუდოდ, საკმაოდ ხანგრძლივი იქნება.
წყარო: theverge.com






