Suno მუსიკალური საავტორო უფლებების კოშმარია

AI მუსიკალური პლატფორმა Suno-ს პოლიტიკა საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენებას კრძალავს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სისტემამ სხვისი სიმღერების გამოყენება უნდა დაბლოკოს, Suno-ს საავტორო უფლებების ფილტრების მოტყუება წარმოუდგენლად მარტივია.

მცირე ძალისხმევითა და უფასო პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, Suno ქმნის ცნობილი სიმღერების (მაგალითად, Beyoncé-ს Freedom და Black Sabbath-ის Paranoid) AI-ით გენერირებულ იმიტაციებს, რომლებიც ორიგინალს საგანგაშოდ ჰგავს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ნებისმიერს შეუძლია ამ არაავტორიზებული ქავერების მონეტიზაცია სტრიმინგ სერვისებზე ატვირთვის გზით.

როგორ ტყუვდება სისტემა

მომხმარებლები ძირითადად Suno Studio-ს იყენებენ. თუ ცნობილ ჰიტს ყოველგვარი ცვლილების გარეშე ატვირთავთ, სისტემა მას დაბლოკავს. მაგრამ, თუ Audacity-ის მსგავსი მარტივი ხელსაწყოთი ტრეკის სიჩქარეს შეცვლით ან დასაწყისში ე.წ. თეთრ ხმაურს (white noise) დაამატებთ, ფილტრი მარტივად ტყუვდება. მსგავსი ხარვეზია ტექსტის შემთხვევაშიც — ოფიციალური ლირიკის მცირე ორთოგრაფიული შეცვლაც კი საკმარისია ვოკალური ფილტრის ასავლელად.

ყველაზე დაუცველი სეგმენტი

დამოუკიდებელი არტისტები კიდევ უფრო დაუცველები არიან. Bandcamp-სა თუ DistroKid-ზე განთავსებული ნაკლებად ცნობილი ტრეკები ხშირად ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე გადის Suno-ს სისტემაში.

არაავტორიზებული ქავერების შექმნა არღვევს Suno-ს მომსახურების პირობებს, თუმცა პლატფორმა ტრეკებს ექსპორტამდე განმეორებით აღარ ამოწმებს. თაღლითებს შეუძლიათ ეს AI მუსიკა ატვირთონ და სხვისი ნამუშევრებიდან ჰონორარი მიიღონ. Spotify აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის დასაბლოკად სხვადასხვა მექანიზმს იყენებს, მაგრამ Suno-ს მიერ გენერირებული მასალის მოცულობასთან გამკლავება დიდ გამოწვევად რჩება.

Suno მხოლოდ ერთი რგოლია მუსიკალური ინდუსტრიის გაუმართავ სისტემაში, თუმცა არტისტებს მის წინააღმდეგ ბრძოლის ძალიან მწირი ბერკეტი აქვთ. თავად კომპანია კი ბრალდებებზე ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს.

წყარო: theverge.com