SpaceX მობილური ოპერატორების ბაზარზე შედის

SpaceX-მა დაბალი სიხშირის სპექტრის ლიცენზიების პორტფელი შეიძინა, რაც კომპანიის განცხადებით, Starlink Mobile-ს აშშ-ის მასშტაბით მსხვილ მობილურ ოპერატორად აქცევს. მას შემდეგ, რაც ფედერალური კომუნიკაციების კომისია (FCC) გარიგებას დაამტკიცებს, SpaceX ახალი არქიტექტურის დანერგვას გეგმავს, რომელიც სატელიტურ და მიწისზედა მობილურ ქსელებს გააერთიანებს. ეს ნაბიჯი კომპანიას პირდაპირ კონკურენციაში ჩააყენებს ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა T-Mobile, AT&T და Verizon.

შეძენილი ლიცენზიები მოიცავს 800 MHz დიაპაზონს, რაც Starlink Mobile-ის სიგნალს შენობებსა და კედლებში შეღწევის საშუალებას მისცემს. მანამდე SpaceX-მა EchoStar-ისგან 2GHz სპექტრიც შეიძინა, რაც მისი direct-to-device სერვისის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

FCC-მ ასევე დაამტკიცა 15 000 ერთეული V2 Starlink Mobile სატელიტის განთავსების გეგმა, რომლებიც, კომპანიის მონაცემებით, ამჟამინდელ თაობასთან შედარებით 100-ჯერ მეტ გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს. SpaceX-ის განცხადებით, ახალი სპექტრისა და მეორე თაობის თანავარსკვლავედის კომბინაციით, Starlink Mobile გახდება პირველი ქსელური ოპერატორი, რომელიც ერთდროულად სატელიტურ და მიწისზედა რესურსებს გამოიყენებს. ეს იქნება ერთიანი ქსელი, რომელიც მომხმარებლებს საიმედო კავშირს შესთავაზებს როგორც შენობებში, ისე ღია სივრცეებსა და ე.წ. „მკვდარ ზონებში“.

წყარო: theverge.com