SpaceX-ის IPO დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Anthropic მონაცემთა ცენტრებში წლიურად $15 მილიარდს იხდის

Anthropic-ი თანახმაა, SpaceX-ს 2029 წლის მაისამდე ქლაუდ ინფრასტრუქტურაში თვეში 1.25 მილიარდი აშშ დოლარი გადაუხადოს. ეს ნიშნავს, რომ Anthropic-ი კონკურენტ AI ლაბორატორიას წლიურად დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს. აღნიშნული გარიგება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ გამოთვლითი სიმძლავრეები (compute) ხელოვნური ინტელექტის განვითარების რბოლაში უმთავრეს ბარიერად იქცა.

შეთანხმების ფარგლებში, Claude-ის დეველოპერი მიიღებს წვდომას Colossus და Colossus II მონაცემთა ცენტრებში განთავსებულ GPU-ებზე, რომელთა სიმძლავრეც 1 გიგავატს აჭარბებს. აღნიშნული ცენტრები SpaceX-მა თავისი xAI ერთეულისთვის (რომელიც Grok-ს ავითარებს) ააშენა, თუმცა ილონ მასკის თქმით, მის კომპანიას მთელი რესურსი არ სჭირდებოდა.

ეს კოლოსალური თანხა აჩვენებს, რამდენად სჭირდება Anthropic-ს რესურსები თავისი მზარდი AI პროდუქტების მხარდასაჭერად. 2026 წლის მეორე კვარტალში Anthropic-ის შემოსავალმა, სავარაუდოდ, 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მასკმა X-ზე დაწერა, რომ SpaceX მსგავს შეთანხმებებზე სხვა კომპანიებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ეს დეტალები ცნობილი გახდა SpaceX-ის S-1 დოკუმენტიდან, რომელიც კომპანიამ საჯარო განთავსებისთვის (IPO) მოამზადა. SpaceX ისტორიაში უმსხვილეს IPO-ს გეგმავს — სურს 1.75 ტრილიონი დოლარის შეფასებით 75 მილიარდი დოლარის მოზიდვა. დებიუტი Nasdaq-ზე (ტიკერით SPCX) შესაძლოა ივნისში შედგეს.

დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ მასკს აქვს აბსოლუტური კონტროლი კომპანიის დირექტორთა საბჭოზე და მისი გათავისუფლება მხოლოდ თავად მას შეუძლია, რაც ინვესტორებსა და აქტივისტებს შორის გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

წყარო: wired.com