
SpaceX-მა საჯარო კომპანიის სტატუსით პირველივე დღეს ბაზარზე დიდი წარმატებით იასპარეზა. Nasdaq-ზე ვაჭრობის დაწყებისას აქციის ფასმა 150 დოლარს მიაღწია, რაც 11%-ით აღემატება IPO-ს ოფიციალურ ფასს — 135 დოლარს. დღის განმავლობაში ფასმა 176 დოლარამდეც აიწია, რამაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.3 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა, საბოლოოდ კი ვაჭრობა 160.95 დოლარით, 19%-იანი ზრდით დაიხურა.
Bloomberg-ის მონაცემებით, IPO-ზე მოთხოვნა მიწოდებას 4-ჯერ აღემატებოდა, რამაც ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან აქციებზე დიდი ზეწოლა გამოიწვია. მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ თავისუფალ ბრუნვაში აქციების მხოლოდ 4%-ია, ხოლო SpaceX-მა მოახერხა Nasdaq 100-ის ინდექსში დაჩქარებული წესით გაწევრიანება, რაც ავტომატურად გაზრდის მოთხოვნას მსხვილი ფონდების მხრიდან.
ეს დებიუტი ვენჩურული კაპიტალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა. Founders Fund-ის ინვესტიცია 50 მილიარდ დოლარზე მეტად ფასდება, Sequoia-ს წილი 20 მილიარდს აჭარბებს, ხოლო Andreessen Horowitz-ის წილის ღირებულება 10 მილიარდ დოლარზე მეტია.
აქციების ამგვარმა ზრდამ SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი მსოფლიოს პირველ ტრილიონერად აქცია. ამასთან, კომპანიის წარმატებამ დაახლოებით 4,400 მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი მილიონერი გახადა, ხოლო 400-მდე მათგანი — ცენტიმილიონერი.
წყარო: techcrunch.com






