
ილონ მასკის SpaceX-მა ბოლო თვეებში 2.8 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო გაზის ტურბინების შესაძენად, რათა ენერგიით უზრუნველყოს თავისი ხელოვნური ინტელექტის (AI) განყოფილების მონაცემთა ცენტრები. ეს ინფორმაცია კომპანიამ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მარეგულირებელ დოკუმენტში გაასაჯაროვა.
ეს მასშტაბური ინვესტიცია აჩვენებს, რომ მასკი აგრძელებს გაზის ტურბინებზე ფსონის დადებას, მიუხედავად საზოგადოებრივი საჩივრებისა, სასამართლო დავებისა და მარეგულირებლების მხრიდან გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული გამოძიებებისა. ელექტროენერგიის დეფიციტი ამჟამად აშშ-ში მონაცემთა ცენტრების ბუმის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია, მობილური გაზის ტურბინები კი დროებით, სწრაფ გადაწყვეტად განიხილება.
SpaceX ფლობს მასკის xAI განყოფილებას, რომელიც ავითარებს Grok-ს. ამ მიზნით კომპანია მართავს ორ მონაცემთა ცენტრს (Colossus 1 და Colossus 2). აღსანიშნავია, რომ SpaceX ამ სერვერების ნაწილს წლიურად 15 მილიარდ დოლარად აქირავებს AI სტარტაპ Anthropic-ზე, რომელიც Claude ჩატბოტის შემქმნელია.
ახალი დეტალები კომპანიის IPO-ს პროსპექტის ფარგლებში გახდა ცნობილი. SpaceX უახლოეს კვირებში Nasdaq-ის ბირჟაზე გასვლას გეგმავს. IPO-ს დოკუმენტაციის მიხედვით, მარტში კომპანიამ გააფორმა 805 მილიონი დოლარის ხელშეკრულება ტურბინების შესყიდვაზე, ხოლო აპრილის ბოლოს – კიდევ 2 მილიარდი დოლარის გარიგება მობილური გაზის ტურბინების მიწოდებაზე.
ამ დროისთვის, SpaceX-ის ორ მონაცემთა ცენტრს დაახლოებით 1 გიგავატი სიმძლავრის ელექტროენერგია სჭირდება, რაც დიდი ამერიკული ქალაქის მოხმარებას უტოლდება. კომპანიის ზრდასთან ერთად, ენერგიის მოთხოვნაც კიდევ უფრო გაიზრდება.
წყარო: wired.com







