Slate Auto-მ ხელმისაწვდომი ელექტრო პიკაპების წარმოებისთვის $650 მილიონი მოიზიდა

Jeff Bezos-ის მიერ მხარდაჭერილმა ელექტრომობილების (EV) სტარტაპმა, Slate Auto-მ, დამატებით $650 მილიონი მოიზიდა, რადგან კომპანია 2026 წლის ბოლოსთვის თავისი პირველი ხელმისაწვდომი პიკაპების წარმოებაში ჩაშვებისთვის ემზადება.

ორშაბათს ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ Series C დაფინანსების რაუნდს ხელმძღვანელობდა TWG Global, რომელსაც მართავენ Guggenheim Partners-ის აღმასრულებელი დირექტორი Mark Walter და ინვესტორი Thomas Tull. Slate Auto-ს პრესრელიზში მადლობა გადაუხადეს "ვიზიონერ ინვესტორებს", თუმცა სხვა მონაწილეების ვინაობა არ დაკონკრეტებულა.

ამ ახალი რაუნდის შედეგად, Slate Auto-ს მიერ მოზიდული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით $1.4 მილიარდს აღწევს. წინა ინვესტორებს შორის არიან General Catalyst, Jeff Bezos-ის საოჯახო ოფისი, VC ფონდი Slauson & Co. და Amazon-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი Diego Piacentini.

კომპანია მჭიდროდ არის დაკავშირებული Amazon-თან. მისი თანადამფუძნებელი Amazon-ის მომხმარებელთა მიმართულების ყოფილი გენერალური დირექტორი Jeff Wilke გახლავთ. Slate-ის მობილობის, UX/UI, ელექტრონული კომერციის, გაყიდვებისა და HR გუნდების ხელმძღვანელები ასევე Amazon-ის ყოფილი თანამშრომლები არიან. ახლახან კი კომპანიის CEO-დ Amazon Marketplace-ის ყოფილი VP Peter Faricy დაინიშნა.

Slate Auto-ს Series C დაფინანსება აშშ-ის ელექტრომობილების ბაზრისთვის ტურბულენტურ პერიოდს ემთხვევა. მსხვილი ავტომწარმოებლები ამცირებენ EV წარმოების გეგმებს, ხოლო Tesla-ს გაყიდვები ზედიზედ ორი წელია ეცემა. დამწყებ კომპანიებს, როგორიცაა Rivian და Lucid Motors, მასშტაბირება უჭირთ.

2022 წელს დაარსებული Slate Auto სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავებულ მიდგომას იყენებს. კომპანია მიზნად ისახავს ბაზრის დაბალფასიან სეგმენტს მარტივი ელექტრო პიკაპით, რომლის საწყისი ფასიც დაახლოებით $25,000 იქნება. მომხმარებლებს შეეძლებათ სატვირთოს სხვადასხვა გზით მოდიფიცირება, მათ შორის SUV კონვერსიის ნაკრების დამატება დაახლოებით $5,000-ად.

მიუხედავად ბაზარზე არსებული გამოწვევებისა, Slate Auto-მ თავის EV-ზე 160,000-ზე მეტი ჯავშანი მიიღო. ახალი CEO-ს მთავარი ამოცანა სწორედ ამ ჯავშნების რეალურ გაყიდვებად ქცევა იქნება. პარალელურად, კომპანია ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს ინდიანაში ყოფილი ქარხნის რეკონსტრუქციაზე, სადაც უშუალოდ EV-ების წარმოება იგეგმება.

წყარო: techcrunch.com