
E-commerce პლატფორმა Shopify-ისთვის ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესის ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად იქცა. კომპანიის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, AI-ზე დაფუძნებული ტრაფიკი და შეკვეთები წლიურ ჭრილში გასამმაგდა.
Shopify-ის პრეზიდენტის, ჰარლი ფინკელშტეინის განცხადებით, AI არ ანაცვლებს ტრადიციულ საძიებო სისტემებს, არამედ ავსებს მათ. მაშინ როცა ონლაინ მედიაში AI-ს მიერ გენერირებული რეზიუმეები ტრაფიკს ამცირებს, Shopify-ისთვის ეს ტექნოლოგია გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს. ტრადიციული ძიება კვლავ რჩება მყიდველთა მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ და ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი მაჩვენებელი 1.3-ჯერ გაიზარდა.
რატომ მუშაობს AI Shopify-ისთვის?
ფინკელშტეინის განმარტებით, განსხვავება მიდგომაშია: ტრადიციული საძიებო სისტემები რეიტინგს საკვანძო სიტყვების მიხედვით ადგენენ, ხოლო AI აგენტები Shopify-ის კატალოგში არსებულ სტრუქტურირებულ მონაცემებს ამუშავებენ. ეს საშუალებას აძლევს სისტემას, მყიდველის კონკრეტულ მოთხოვნასა და საჭიროებებს ზუსტად მოარგოს პროდუქტი და არა მხოლოდ პოპულარობის მიხედვით დაალაგოს შედეგები.
შედეგად, მყიდველის გზა პროდუქტამდე საგრძნობლად მოკლდება: AI-ის მიერ რეფერირებული სესიების ნახევარი პირდაპირ პროდუქტის აღწერის გვერდზე ხვდება, რაც 2.5-ჯერ აღემატება ტრადიციული ძიების მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ AI-ით განხორციელებული შესყიდვების 75% პოპულარული კატეგორიების მიღმა ხდება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უდიდესი შესაძლებლობაა.
Shopify აქტიურად ავითარებს ინტეგრაციებს ისეთ პლატფორმებთან, როგორიცაა Claude, ChatGPT, Perplexity და Vercel, რაც ვაჭრებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ონლაინ მაღაზიები AI-ის დახმარებით უფრო ეფექტურად მართონ.
წყარო: techcrunch.com






