Sequoia-ს პარტნიორი შონ მაგუაირი ბირთვული ენერგეტიკის სტარტაპ Valar Atomics-ში 1 მილიარდ დოლარს აბანდებს

ბირთვული ენერგეტიკის სტარტაპმა Valar Atomics-მა ოფიციალურად დაადასტურა 1 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო რაუნდის დასრულება, რომელსაც Sequoia Capital ხელმძღვანელობს. კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, აიზეა ტეილორმა განაცხადა, რომ Sequoia-ს პარტნიორი შონ მაგუაირი სტარტაპის დირექტორთა საბჭოს შეუერთდება. გარდა ამისა, კომპანიამ Erebor-ისა და სხვა ბანკებისგან 200 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ Valar-ს ოფიციალური შეფასება არ გაუსაჯაროებია, Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის საბაზრო ღირებულება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს. სტარტაპი მცირე ზომის მოდულურ ბირთვულ რეაქტორებს (SMR) ავითარებს, რომლებიც ტრადიციულ რეაქტორებთან შედარებით უფრო იაფი და სწრაფად ასაშენებელია.

ივნისში Valar-მა წარმატებით გამოსცადა Ward 250 რეაქტორი, რომელმაც Nvidia-ს Blackwell სისტემა აამუშავა. კომპანიამ ასევე გააფორმა პარტნიორობა Nvidia-სთან 30 მეგავატიანი, წყლის გარეშე მომუშავე AI ქარხნის შესაქმნელად. Valar-ის განცხადებით, თითოეული აშენებული რეაქტორი აგროვებს მონაცემებს, რაც შემდეგი თაობის ტექნოლოგიების განვითარებას აჩქარებს.

„NOVA-ს ბირთვის შექმნას ორი წელი დასჭირდა, Ward 250-ის გაშვებას კი — შვიდი თვე. ჩვენი მიზანია, რეაქტორების წარმოების ტემპი გავზარდოთ და წელიწადში ათასობით ერთეული ვაწარმოოთ“, — აცხადებენ კომპანიაში. მოზიდული კაპიტალი სწორედ SMR-ების ფლოტის მასშტაბურ წარმოებას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ ბირთვული ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები აქტიურად იზრდება. ბოლო თვეებში Antares-მა 470 მილიონი დოლარი მოიზიდა, ხოლო X-energy-მ IPO-ს გზით 1 მილიარდი დოლარი მიიღო. Valar-ის მიმდინარე რაუნდში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ფონდებმა, როგორებიცაა Apandion Capital, Atreides Management, Conviction, Dream Ventures, HOF Capital, Point72, Riot Ventures, Snowpoint Ventures და Valor Equity Partners.

წყარო: techcrunch.com