
Reddit-მა მეორე კვარტალში შთამბეჭდავი ფინანსური შედეგები აჩვენა, თუმცა ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია კომპანიის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საძიებო სისტემებიდან შემოსული ტრაფიკის არასტაბილურობის შესახებ.
კომპანიის შემოსავალმა 805 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 61%-იანი ზრდაა, ხოლო წმინდა მოგება 183%-ით გაიზარდა და 253 მილიონი დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები უოლ-სტრიტის მოლოდინებს აღემატება, Reddit-ის აქციები ვაჭრობის დასრულების შემდეგ 10%-ზე მეტით დაეცა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ჰაფმანის განცხადებით, საძიებო სისტემებიდან მიმართვები კვარტალის განმავლობაში არასტაბილური იყო. ეს პირდაპირ კავშირშია AI-ის განვითარებასთან, რადგან საძიებო სისტემების მიერ დანერგილი AI-რეზიუმეები მომხმარებლებს Reddit-ზე გადასვლის საჭიროებას უმცირებს.
კიდევ ერთი გამოწვევა აშშ-ის ბაზარზე ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობის უმნიშვნელო კლებაა (53.5 მილიონიდან 53.2 მილიონამდე). ანალიტიკოსები შიშობენ, რომ AI-ის მიერ საძიებო სისტემების ტრანსფორმაცია Reddit-ისთვის ახალ მომხმარებელთა მოზიდვას გაართულებს.
ჰაფმანის თქმით, Reddit-ის მთავარი ღირებულება ადამიანურ კომუნიკაციასა და თემებშია, რაც პლატფორმას უნიკალურს ხდის. რაც შეეხება Google-თან მონაცემთა ლიცენზირების ხელშეკრულებას, კომპანია ჯერჯერობით არ აკეთებს საბოლოო პროგნოზებს და აცხადებს, რომ მაქსიმალურად ეცდება Reddit-ის ინტერესების დაცვას.
წყარო: techcrunch.com






