Qualcomm-მა სტარტაპი Modular თითქმის 4 მილიარდ დოლარად შეიძინა

Qualcomm-მა სილიკონის ველის ჩიპების სტარტაპი Modular თითქმის 4 მილიარდ დოლარად შეიძინა. გარიგება, რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დასრულდება, კომპანიის სტრატეგიულ გაფართოებას ადასტურებს.

Modular ავითარებს პროგრამულ პლატფორმას და საკუთარ კოდირების ენას, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, AI პროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა ტიპის ჩიპებზე ადაპტაციის გარეშე გაუშვან. სტარტაპის 150-კაციანი გუნდი, დამფუძნებლების ჩათვლით, Qualcomm-ის შემადგენლობაში გადავა.

Qualcomm-ის პრეზიდენტისა და CEO-ს, კრისტიანო ამონის განცხადებით, კომპანიის მომავალი ჰორიზონტალურ, დეველოპერებზე ორიენტირებულ პლატფორმებზე გადის, რომლებიც AI-ის სხვადასხვა გარემოში დანერგვის საშუალებას იძლევა. ეს შენაძენი Qualcomm-ის ამბიციებს უსვამს ხაზს, გასცდეს მობილური მოწყობილობების ბაზარს და გააძლიეროს პოზიციები მონაცემთა ცენტრებისა და ჭკვიანი გაჯეტების სეგმენტში.

Modular 2022 წელს კრის ლატნერმა და ტიმ დევისმა დააარსეს. ლატნერი ცნობილია როგორც LLVM-ის შემქმნელი და Apple-ის Swift პროგრამირების ენის ავტორი, ხოლო დევისი Google-ის TensorFlow Lite-ის თანაავტორია. მათი მიზანი იყო ისეთი პროგრამული ფენის შექმნა, რომელიც GPU-ებსა და CPU-ებს მაქსიმალური ეფექტურობით ამუშავებდა, რითაც ისინი ისეთ გიგანტებს უწევდნენ კონკურენციას, როგორიცაა Nvidia თავისი CUDA პლატფორმით.

წყარო: wired.com