Pinterest-ის CEO მთავრობებს მოუწოდებს, 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის სოციალური მედია აკრძალონ

Pinterest-ის CEO-მ, Bill Ready-მ, Time-ის ახალ სარედაქციო სტატიაში მთავრობებს მოუწოდა, აკრძალონ სოციალური მედია 16 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის.

ის არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ტოპ-აღმასრულებელ დირექტორთა შორის, ვინც მსგავს შეზღუდვას უჭერს მხარს, იმ ფონზე, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ბავშვების ონლაინ დროის შეზღუდვისა და ასაკის ვერიფიკაციის გზების დანერგვას იწყებს.

Ready წერს, რომ დღევანდელი ბავშვები "ისტორიაში უდიდეს სოციალურ ექსპერიმენტს გადიან", რადგან მათ "სოციალურ მედია პლატფორმებზე შეუზღუდავი წვდომა აქვთ". კვლევები აჩვენებს ამ შეუზღუდავი წვდომისგან გამოწვეულ ზიანს: დღევანდელ ახალგაზრდებში გაზრდილია დეპრესიის, შფოთვისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების მაჩვენებლები.

მისი თქმით, სოციალური მედიის პლატფორმებმა "არასაკმარისად გაიაზრეს ის შედეგები", რაც შეიძლებოდა ბავშვებისთვის მოეტანათ. მან შეაქო ავსტრალიის მიერ ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის გადაწყვეტილება და აღნიშნა: "თუ ტექნოლოგიური კომპანიები ახალგაზრდების უსაფრთხოებას პრიორიტეტად არ აქცევენ, სხვა მთავრობებმაც ავსტრალიის მაგალითს უნდა მიბაძონ".

მან ყურადღება გაამახვილა თამბაქოსა და ალკოჰოლის ინდუსტრიებში არსებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებზე და აღნიშნა, რომ "მსგავს პოლიტიკას სიცოცხლის გაუმჯობესება და ზოგჯერ გადარჩენაც კი შეუძლია". მან ასევე დასძინა, რომ Pinterest-ს Gen Z-თან წარმატება აქვს მაშინაც კი, როცა 16 წლამდე მომხმარებლებისთვის საიტის სოციალურ ფუნქციებზე წვდომა აკრძალა.

"როდესაც ჩვენ ვეძებთ საბაბს, რომ არ ვიმოქმედოთ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ტექნოლოგიური კომპანიების CEO-ები ემსგავსებიან მე-20 საუკუნის თამბაქოს ინდუსტრიის ხელმძღვანელებს, რომელთა მორჯულებაც მხოლოდ საჯარო შერცხვენითა და სასამართლო დავებით გახდა შესაძლებელი", - წერს ის.

ავსტრალიის გარდა, სოციალური მედიის აკრძალვის შესახებ განცხადებები მალაიზიამ, ესპანეთმა და ინდონეზიამაც გააკეთეს. ეს მოძრაობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში დებატებს იწვევს, თუმცა კანონმდებლები უკან დახევას არ აპირებენ. საფრანგეთის კანონმდებლებმა ასევე დაამტკიცეს აკრძალვა 15 წლამდე მომხმარებლებისთვის, ხოლო გერმანიის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ სოციალური მედიის აკრძალვის გარკვეულ ფორმას მხარს უჭერს. აშშ-ის შტატებიც აქტიურად განიხილავენ არასრულწლოვანთათვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვის გზებს.

წყარო: techcrunch.com