OpenAI მონაცემთა ცენტრების ენერგომომარაგების ახალ სტრატეგიას ნერგავს

OpenAI-მ ახალი ინიციატივის, Grid Protectors Program-ის შესახებ განაცხადა, რომლის საპილოტე პროექტი ჯორჯიის შტატში, ეფინგემის ოლქში განთავსებულ მონაცემთა ცენტრში განხორციელდება. კომპანიის განცხადებით, სისტემა საშუალებას მისცემს მათ, ექსტრემალურ პირობებში ან საგანგებო სიტუაციების დროს 1,000 მეგავატამდე ელექტროენერგია გაათავისუფლონ, რაც დაახლოებით 700,000 ოჯახის კონდიცირების სისტემების უზრუნველსაყოფად არის საკმარისი.

ეს ნაბიჯი იმ ფონზე გადაიდგა, როდესაც აშშ-ში მონაცემთა ცენტრების მშენებლობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი პროტესტი იზრდება. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად უკმაყოფილოა პროექტების მასშტაბითა და მათი გავლენით გარემოზე. მაგალითად, იუტას შტატში მცხოვრებლებმა გააპროტესტეს მონაცემთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც, სავარაუდოდ, შტატის პიკური ელექტრომოხმარების ორმაგზე მეტს მოიხმარს.

OpenAI ცდილობს, საკუთარი მონაცემთა ცენტრები, რომლებსაც კომპანია compute campuses-ს უწოდებს, წარმოაჩინოს როგორც რესურსი, რომლის გამოყენებაც კომუნალურ სამსახურებს კრიტიკულ მომენტებში შეეძლებათ. კომპანიის განმარტებით, მათი მუდმივი ენერგომოხმარება ხელს უწყობს ქსელის ფიქსირებული ხარჯების გადანაწილებას, ხოლო მოქნილი მართვის სისტემა საშუალებას იძლევა, პიკურ პერიოდებში მოთხოვნა შეამცირონ.

მიუხედავად ამისა, ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი გამოწვევები კვლავ აქტუალურია. ჰიუსტონის მოწინავე კვლევითი ცენტრის (HARC) მონაცემებით, ტეხასში დაგეგმილმა მონაცემთა ცენტრებმა შესაძლოა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული შედეგები ხუთ წელიწადში გაანეიტრალოს. OpenAI აცხადებს, რომ მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას პოლიტიკოსებთან და ენერგოკომპანიებთან, რათა ქსელზე დატვირთვის შემცირების მექანიზმები დახვეწოს.

წყარო: theverge.com