OpenAI-მ წარმოადგინა Ultrafast რეჟიმი: GPT-5.6 Sol 14-ჯერ უფრო სწრაფია

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ ChatGPT-ის მუშაობის ტემპი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, OpenAI-მ თქვენი მოთხოვნა გაითვალისწინა. კომპანიამ დააანონსა ახალი რეჟიმი, სახელწოდებით Ultrafast, რომელიც მიზნად ისახავს მისი უახლესი და ყველაზე მძლავრი მოდელის, GPT-5.6 Sol-ის მუშაობის რადიკალურ დაჩქარებას.

OpenAI-ის განცხადებით, Ultrafast სტანდარტულ რეჟიმთან შედარებით 14-ჯერ უფრო სწრაფია და წამში 750-მდე გამომავალ ტოკენს გენერირებს. „აქამდე რეალურ დროში მაღალი სიჩქარის მისაღწევად მომხმარებელს უფრო მცირე ან სპეციალიზებული მოდელების არჩევა უწევდა. Ultrafast კი ახალ მიმართულებას გვთავაზობს: მეტი სასარგებლო სამუშაო წამში“, — აღნიშნულია კომპანიის ბლოგპოსტში.

აღსანიშნავია, რომ კონკურენტმა კომპანიებმა, მათ შორის Anthropic-მა, უკვე წარადგინეს თავიანთი მოდელების დაჩქარებული ვერსიები, თუმცა OpenAI-ის მიერ შემოთავაზებული სიჩქარე ბაზარზე უპრეცედენტოა. GPT-5.6 Sol-ის ეს ვერსია განსაკუთრებით ეფექტური იქნება კორპორატიული სამუშაო პროცესებისთვის, როგორიცაა ინციდენტებზე რეაგირება, მომხმარებელთა მხარდაჭერა, ფინანსური ბაზრების ანალიზი და ელექტრონული კომერცია.

Ultrafast ამჟამად საცდელ რეჟიმშია და ის OpenAI-სა და ჩიპების მწარმოებელ Cerebras-ს შორის პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. ამ ეტაპზე წვდომა შეზღუდულია მომხმარებელთა მცირე ჯგუფისთვის, თუმცა კომპანია გეგმავს წვდომის გაფართოებას ტექნიკური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად.

წყარო: techcrunch.com