
Cerebras Systems-ის IPO-ს დასრულების ეტაპი უკვე ახლოვდება. AI ჩიპების მწარმოებელმა ორშაბათს განაცხადა, რომ 28 მილიონი აქციის გაყიდვას 115-დან 125 დოლარამდე ფასად გეგმავს. ეს კომპანიას 3.5 მილიარდი დოლარის მოზიდვისა და 26.6 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციის მიღწევის საშუალებას მისცემს.
ეს შესანიშნავი სიახლეა იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც თებერვალში 23 მილიარდიანი შეფასებით 1 მილიარდი დოლარის მოცულობის Series H რაუნდში ჩაერთვნენ. ეს ასევე დიდი წარმატებაა OpenAI-სა და მისი აღმასრულებელი პირებისთვის.
თუ Cerebras-ის IPO მაქსიმალური ნიშნულით შედგება, ეს 2026 წლისთვის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური IPO იქნება. აღნიშნული ფაქტი ასევე მიუთითებს ბაზრის მზაობაზე ისეთი გიგანტების საჯარო შეთავაზებებისთვის, როგორებიცაა SpaceX, OpenAI და Anthropic.
Cerebras მომხმარებლებს სთავაზობს AI-სპეციფიკურ ჩიპს Wafer-Scale Engine 3, რომელიც ტრადიციულ GPU-ზე დაფუძნებულ ჩიპებს კონკურენციას უწევს. კომპანიის განცხადებით, მათი პროდუქტი inference-ისთვის (მომხმარებლის მოთხოვნების დამუშავებისთვის საჭირო გამოთვლები) ბევრად უფრო სწრაფია და კონკურენტებთან შედარებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
კომპანიის მსხვილ აქციონერებს შორის არიან: Alpha Wave, Benchmark, Eclipse, Fidelity და Foundation Capital. ინვესტორთა გრძელ სიაში ასევე ვხვდებით AMD-ს, Abu Dhabi Growth Fund-ს, G42-ს, Tiger Global-სა და სხვებს. გარდა ამისა, Cerebras-ის ანგელოზ ინვესტორებს შორის არიან ტექნოლოგიური სფეროს წამყვანი ფიგურები: OpenAI-ის დამფუძნებელი და CEO Sam Altman, Greg Brockman, Ilya Sutskever, Adam D’Angelo და Intel-ის CEO Lip-Bu Tan.
მიუხედავად იმისა, რომ Sam Altman-ის წილი S-1 დოკუმენტაციაში გამოსაჩენად საკმარისად დიდი არ არის, Cerebras-ისა და OpenAI-ის პარტნიორობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. OpenAI კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტია. გასულ დეკემბერში OpenAI-მ Cerebras-ს 1 მილიარდი დოლარის სესხი გამოუყო, რაც უზრუნველყოფილია ვარანტებით, რომელთა მიხედვითაც OpenAI-ს 33 მილიონზე მეტი აქციის ყიდვა შეუძლია.
Cerebras-ს საჯარო გასვლა ჯერ კიდევ 2024 წელს სურდა, თუმცა პროცესი G42-ის ინვესტიციის ფედერალური განხილვის გამო შეფერხდა. მოგვიანებით, კომპანიამ OpenAI-სთან 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მრავალწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და თებერვალში მორიგი მეგა რაუნდი დახურა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ბანკები უკვე იღებენ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების მოთხოვნას შეთავაზებულ 3.5 მილიარდიან აქციებზე. მსგავსი მაღალი მოთხოვნა მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია სავარაუდოდ თავდაპირველად გამოცხადებულ ფასზე უფრო ძვირად გაყიდის აქციებს, რაც ინვესტორებს დამატებით სარგებელს მოუტანს.
წყარო: techcrunch.com







