OpenAI-ის აღმასრულებელ გუნდში ცვლილებებია: COO Brad Lightcap „სპეციალურ პროექტებს“ უხელმძღვანელებს

Bloomberg-ის ინფორმაციით, OpenAI-ის აღმასრულებელ გუნდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

Fidji Simo-მ გუნდისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ OpenAI-ის COO, Brad Lightcap ახალ პოზიციაზე გადადის და „სპეციალურ პროექტებს“ უხელმძღვანელებს. მისი საქმიანობა კომპანიის მასშტაბით კომპლექსურ გარიგებებსა და ინვესტიციებს მოიცავს და ის უშუალოდ CEO Sam Altman-ს დაექვემდებარება.

რაც შეეხება Lightcap-ის კომერციულ მოვალეობებს, მათ Denise Dresser გადაიბარებს, რომელიც Slack-ის ყოფილი CEO-ა და OpenAI-ს ცოტა ხნის წინ შემოუერთდა, როგორც chief revenue officer.

ცვლილებები თავად Fidji Simo-საც ეხება: ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმეკვირიან სამედიცინო შვებულებაში გადის. მისი არყოფნის პერიოდში პროდუქტის მიმართულებას OpenAI-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი Greg Brockman უხელმძღვანელებს.

ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობას ტოვებს მარკეტინგის ხელმძღვანელი (CMO) Kate Rouch. გამოჯანმრთელების შემდეგ ის კომპანიაში განსხვავებული, უფრო ვიწრო სპეციალიზაციის მქონე როლით დაბრუნდება. OpenAI ახალი CMO-ს ძიებას იწყებს.

„ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერთა გუნდი, რომელიც ფოკუსირებულია მთავარ პრიორიტეტებზე: მოწინავე კვლევების განვითარებაზე, გლობალურად თითქმის 1 მილიარდი მომხმარებლის ბაზის ზრდასა და enterprise ქეისების გაძლიერებაზე“, — განაცხადეს OpenAI-ში. „ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა უწყვეტად და იმავე ტემპით.“

წყარო: techcrunch.com