OpenAI აცხადებს ChatGPT-ის ანგარიშების ახალ, გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას და Yubico-სთან პარტნიორობას

OpenAI სერიოზულად ეკიდება ანგარიშების უსაფრთხოებას. ხუთშაბათს კომპანიამ ჩაუშვა Advanced Account Security (AAS) — არჩევითი დაცვის სისტემა ChatGPT-ის მომხმარებლებისთვის, რომელიც შექმნილია მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის, თუმცა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.

ამ ახალი პროგრამის ფარგლებში, ციფრული უსაფრთხოების პროვაიდერმა Yubico-მ განაცხადა OpenAI-სთან პარტნიორობის შესახებ, რათა დააკავშიროს ორი ახალი უსაფრთხოების გასაღები ChatGPT-ის ანგარიშებთან. კომპანიის თქმით, პარტნიორობა მიზნად ისახავს მომხმარებლების დაცვას ფიშინგისგან, რაც ჩატბოტების მომხმარებლებისთვის მზარდ საფრთხედ ითვლება.

კომპანიები უშვებენ ორ ერთობლივად ბრენდირებულ YubiKey-ს — YubiKey C NFC და YubiKey C Nano.

OpenAI-ს განცხადებით, AAS იდეალურია პოლიტიკური დისიდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მკვლევარებისთვის და არჩეული თანამდებობის პირებისთვის. ეს ასევე ლოგიკური არჩევანია enterprise მომხმარებლებისთვის, რომელთა კორპორატიული საიდუმლოებები ChatGPT-ის სესიებში ინახება.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია მკვეთრად შევამციროთ მსოფლიოს მასშტაბით OpenAI-ს ანგარიშებში სენსიტიურ მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის საფრთხე,“ — განაცხადა Yubico-ს CEO-მ ჯეროდ ჩონგმა.

უსაფრთხოების გასაღებები არის მცირე ზომის hardware, რომელიც ციფრულ ანგარიშებს უკავშირდება და კომპიუტერის USB პორტით მუშაობს. მასზე არსებული უნიკალური კრიპტოგრაფიული იდენტიფიკატორი ანგარიშზე შესვლის უფლებას მხოლოდ გასაღების მფლობელს აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT-ის ანგარიშების ფიშინგის საფრთხე შეიძლება აბსტრაქტულად ჟღერდეს, მზარდი მონაცემები აჩვენებს, რომ კიბერკრიმინალები სულ უფრო ხშირად უმიზნებენ ჩატბოტების მომხმარებლებს. ჩატბოტებთან საუბრის ინტიმური ბუნებიდან გამომდინარე, როგორც enterprise, ისე პერსონალური მომხმარებლების ანგარიშებში, ხშირად მოიპოვება შანტაჟისთვის ვარგისი ინფორმაცია.

ციფრული უსაფრთხოება AI ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება. რამდენიმე კვირის წინ Anthropic-მა დააანონსა ახალი კიბერუსაფრთხოების მოდელი Mythos. კონკურენტის ფონზე, OpenAI-მ ასევე გააკეთა რამდენიმე განცხადება ციფრული დაცვის ახალ ჩარჩოსთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გასაღებით დაცული ანგარიში ბევრად უფრო ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ მას ახლავს ერთი რისკი: თუ გასაღები დაიკარგება, OpenAI ანგარიშის აღდგენაში ვერ დაგეხმარებათ. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თქვენი საუბრები შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოს.

წყარო: techcrunch.com