
ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Odyssey-მ, რომელიც ავტონომიური მართვის სისტემების პიონერებმა, ოლივერ კამერონმა და ჯეფ ჰოკმა დააარსეს, B სერიის რაუნდში 310 მილიონი დოლარი მოიზიდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 1.45 მილიარდ დოლარს მიაღწია. საინვესტიციო რაუნდს Natural Capital ხელმძღვანელობდა, რომელშიც Amazon, AMD Ventures, GV და სხვა მსხვილი მოთამაშეები მონაწილეობდნენ.
ე.წ. „მსოფლიო მოდელები“ (world models) AI-ის განვითარების შემდეგი ეტაპია, რომელიც სცილდება ტექსტურ და ჩატ-ბოტებზე დაფუძნებულ დიდ ენობრივ მოდელებს. ეს ტექნოლოგია ფიზიკური სამყაროდან აგროვებს მონაცემებს და მათ ზუსტი ფიზიკური კანონზომიერებების გათვალისწინებით ახდენს სიმულაციას. Odyssey-მ მონაცემთა შეგროვების უნიკალური მეთოდი გამოიყენა, რაც ვიდეოკამერებით აღჭურვილი ადამიანების მიერ რეალური გარემოს დეტალურ აღბეჭდვას გულისხმობს.
2023 წელს დაარსებული სტარტაპი უკვე სთავაზობს ბაზარს მრავალფეროვან მოდელებს, რომლებიც გამოიყენება როგორც ვიდეო თამაშების შექმნაში, ისე რობოტიკაში. კომპანია განსაკუთრებით ცნობილია ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე მაღალი ხარისხის, ინტერაქტიული ვიდეო კონტენტის გენერირებით.
Amazon-თან პარტნიორობის ფარგლებში, Odyssey AWS-ს თავის სასურველ ქლაუდ პროვაიდერად აცხადებს. სტარტაპი საკუთარი მოდელების ოპტიმიზაციას AWS-ის Trainium ჩიპებზე მოახდენს, რაც Nvidia-ს AI ჩიპების კონკურენტუნარიან ალტერნატივას წარმოადგენს. ჯამში, კომპანიამ დაარსებიდან დღემდე 337 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, ხოლო მის ანგელოზ ინვესტორებს შორის ისეთი ცნობილი სახელები არიან, როგორებიც არიან ჯეფ დინი, ელად გილი და კრუიზის დამფუძნებელი კაილ ვოგტი.
წყარო: techcrunch.com






