
Intel-ის შვილობილი კომპანია Mobileye, რომელიც აქამდე მხოლოდ ავტონომიური ავტომობილების ტექნოლოგიების მიმწოდებლად იყო ცნობილი, ბაზარზე ახალი სტრატეგიით გამოდის. კომპანიამ ოფიციალურად დააანონსა, რომ 2027 წელს აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში საკუთარ რობოტაქსების სერვისს გაუშვებს.
პროექტის პირველ ეტაპზე Mobileye 100 ავტონომიურ ავტომობილს აამოქმედებს, ხოლო წარმატების შემთხვევაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფლოტის 17 000 ერთეულამდე გაზრდას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლისა და CEO-ს, ამნონ შაშუას განცხადებით, ეს ნაბიჯი ინდუსტრიის ტრანსფორმაციისთვის გადამწყვეტია.
Mobileye-ისთვის ეს სტრატეგიული ცვლილებაა. კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ავტომწარმოებლებს კომპიუტერული ხედვის ჩიპებითა და ADAS სისტემებით ამარაგებდა, ახლა პირდაპირ კონკურენციაში შედის საკუთარ კლიენტებთან. შაშუას თქმით, რობოტაქსების ოპერირება აუცილებელია იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს — სრულად ავტონომიურ სამგზავრო ავტომობილებს მიაღწიონ.
ახალი სერვისის მართვისთვის Mobileye შექმნის ცალკე ოპერაციულ ბიზნესს, ხოლო მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენებს მის მფლობელობაში არსებულ აპლიკაციას — Moovit-ს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ავტომობილის მოდელი ჯერ არ დასახელებულა, სავარაუდოა, რომ კომპანია „AV-ready“ პლატფორმების მწარმოებლებთან ითანამშრომლებს.
Mobileye ხაზს უსვამს, რომ ეს ინიციატივა არ ანაცვლებს არსებულ პარტნიორობას ავტომწარმოებლებთან, არამედ წარმოადგენს მის გაფართოებას. საკუთარი სერვისის მართვა კომპანიას საშუალებას მისცემს, დააჩქაროს ტექნოლოგიის დანერგვა, მიიღოს პირდაპირი ოპერაციული გამოცდილება და ბაზარს ავტონომიური მობილობის სრული პოტენციალი დაანახოს.
წყარო: techcrunch.com






