
Microsoft განიხილავს თავისი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სუფთა ენერგიის მიზნის გადადებას ან შემცირებას, რადგან AI მონაცემთა ცენტრების სწრაფი მშენებლობა ამ მიზნების მიღწევას ართულებს. კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა Bloomberg-ის თანახმად, შიდა დისკუსიები მიმდინარეობს საათობრივი სუფთა ენერგიის მოხმარების მიზანთან დაკავშირებით.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის აპირებს თავისი საათობრივი ენერგომოხმარების 100% სუფთა ენერგიით უზრუნველყოს. მაგრამ AI მონაცემთა ცენტრების აშენების ტემპმა გამოიწვია დებატები იმაზე, ხომ არ იქცა ეს ვალდებულება შემაფერხებელ ფაქტორად კომპანიის ამბიციებისთვის.
საათობრივი მიზნები გაცილებით მკაცრია, ვიდრე წლიური მიზნები. წლიური მიზნები უფრო მოქნილია და საშუალებას აძლევს კომპანიებს, მაგალითად, დღის შუა პერიოდში იყიდონ იმაზე მეტი მზის ენერგია, ვიდრე მოიხმარენ, თუმცა საათობრივი მიზნები ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის ისეთი წყაროების განვითარებას, რომლებიც ზუსტად ემთხვევა კომპანიის რეალურ მოხმარებას.
მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები (Microsoft, Meta, Google და Apple) აქტიურად ამცირებენ ემისიებს, მონაცემთა ცენტრების ზრდასთან ერთად, ისინი ბუნებრივ აირსაც უბრუნდებიან. გასულ თვეში Microsoft-მა განაცხადა, რომ Chevron-თან და Engine No. 1-თან ერთად დასავლეთ ტეხასში მასშტაბურ ბუნებრივი აირის ელექტროსადგურს აშენებს, რომელმაც შესაძლოა 5 გიგავატამდე ენერგია გამოიმუშაოს.
მიუხედავად ამ პროექტისა, 2030 წლისთვის Microsoft კვლავ გეგმავს ატმოსფეროდან იმაზე მეტი ნახშირორჟანგის ამოღებას, ვიდრე მისი ოპერაციები წარმოქმნის. თუ კომპანია უარს იტყვის საათობრივ მიზანზე, მან შესაძლოა დაკარგოს საზოგადოების მხარდაჭერა მონაცემთა ახალი ცენტრების მშენებლობის პროცესში, რადგან მოსახლეობა სულ უფრო ხშირად გამოხატავს წუხილს ენერგიის მოხმარებისა და დაბინძურების გამო.
წყარო: techcrunch.com







