
ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებასთან ერთად, ტექნოლოგიური გიგანტები ხარჯების შემცირების გზებს ეძებენ. Microsoft-ი ამ ტენდენციას უერთდება და სტრატეგიას ცვლის: კომპანია სულ უფრო მეტად ეყრდნობა საკუთარ, შიდა რესურსებით შექმნილ მოდელებს და ამცირებს დამოკიდებულებას OpenAI-სა და Anthropic-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Microsoft-მა უკვე დაიწყო საკუთარი MAI მოდელების ინტეგრირება ისეთ პოპულარულ პროდუქტებში, როგორიცაა Excel და Word. მანამდე კომპანია აქტიურად უსვამდა ხაზს, რომ Office 365-ის ფუნქციონალის დიდი ნაწილი სწორედ OpenAI-სა და Anthropic-ის ტექნოლოგიებზე იყო დაფუძნებული.
მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ი კვლავ იყენებს მესამე მხარის მოდელებს, კომპანია აქტიურად ავითარებს საკუთარ AI აგენტებს. გასულ თვეში, Build კონფერენციაზე, მათ შვიდი ახალი MAI მოდელი წარადგინეს, მათ შორის კოდირებისა და ტექსტიდან გამოსახულების გენერირების ხელსაწყოები.
ეს ნაბიჯი უფრო ფართო ინდუსტრიული ტენდენციის ნაწილია. მას შემდეგ, რაც AI-ის გამოყენების საწყის ეტაპზე კომპანიები რესურსებს არ ზოგავდნენ, ბოლო თვეებში ტექნოლოგიური სექტორი უფრო პრაგმატული გახდა. Amazon, Uber, Meta და Accenture ასევე აქტიურად მუშაობენ ხარჯების ოპტიმიზაციაზე. სილიკონის ველზე AI სერვისების მაღალი ფასი უკვე სერიოზულ დისკუსიებს იწვევს, რის გამოც ზოგიერთი კომპანია უფრო ხელმისაწვდომი, მათ შორის ჩინური ალტერნატივების ძიებასაც კი იწყებს.
წყარო: techcrunch.com






