
წარმოიდგინეთ, რომ შეიძინეთ თანამედროვე გაჯეტი, თუმცა მისი სრული პოტენციალის გამოსაყენებლად ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის გადახდა გიწევთ. ეს არის რეალობა, რომლისკენაც AI-ზე დაფუძნებული სამომხმარებლო ელექტრონიკის ბაზარი მიდის და Meta-ს უახლესი ნაბიჯი ამის ნათელი დასტურია.
Meta-მ თავისი ჭკვიანი სათვალეებისთვის (Ray-Ban, Oakley ან Meta-ს ბრენდირებული ვერსიები) დანერგა Meta One Premium Plan. მიუხედავად იმისა, რომ სათვალის ძირითადი ფუნქციები ხელმისაწვდომია გამოწერის გარეშე, გარკვეული შესაძლებლობები შეზღუდულია. მაგალითად, ფუნქცია Conversation Focus, რომელიც ხმაურიან გარემოში მოსაუბრის ხმას აძლიერებს, უფასოდ მხოლოდ თვეში სამი საათითაა ხელმისაწვდომი. მეტი დროის საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს, თუმცა ლიმიტი მაინც 15 საათით განისაზღვრება.
Meta-ს წარმომადგენლის განცხადებით, ეს არ არის AI-ის გამოყენების ლიმიტი, რადგან ფუნქცია უშუალოდ მოწყობილობაზე მუშაობს და არა სერვერებზე. კომპანია ამას „პრემიუმ მხარდაჭერისა“ და „Power User-ებისთვის“ დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზებად ნათლავს. თუმცა, ექსპერტები, მათ შორის კარნეგი მელონის უნივერსიტეტის პროფესორი კრის ჰარისონი, მიიჩნევენ, რომ ეს არ არის AI-ის ხარჯების ანაზღაურების მცდელობა, არამედ მომხმარებლის მონეტიზაციის სტრატეგია.
სტრატეგია მარტივია: მოწყობილობების გაყიდვა თვითღირებულებაში მომხმარებელთა ბაზის გასაზრდელად, ხოლო შემდგომში სააბონენტო სერვისებით შემოსავლის მიღება. თუმცა, ბაზარზე კონკურენცია იზრდება. Google, Samsung-თან და სხვა ბრენდებთან თანამშრომლობით, ჭკვიანი სათვალეების გამოშვებას გეგმავს, Apple კი მსგავსი ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი გადაწყვეტს, ღირს თუ არა ეს ფუნქციები ყოველთვიურ გადასახადს, თუ უპირატესობას უფასო ალტერნატივებს მიანიჭებს.
წყარო: wired.com






