
არის თუ არა სოციალური მედია უბრალოდ ცუდი, თუ კანონსაწინააღმდეგოდ მავნებელი? უნდა გადაიხადონ თუ არა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ამისთვის? აშშ-ის ორი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე კითხვაზე პასუხი დადებითია.
ახლახან ნიუ-მექსიკოსა და ლოს-ანჯელესის სასამართლოებმა Meta არასრულწლოვნებისთვის მიყენებული ზიანის გამო ასობით მილიონი დოლარით დააჯარიმეს. ლოს-ანჯელესში პასუხისმგებლობა YouTube-საც დაეკისრა. ორივე კომპანია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ Section 230 სტანდარტულად იცავს პლატფორმებს, ეს პრეცედენტები აჩვენებს, რომ სოციალური ქსელები შესაძლოა წუნდებულ პროდუქტებად განიხილონ.
ახალი ეპოქის დასაწყისი?
ადვოკატ ქერი გოლდბერგის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალურმა მედიამ კონკრეტული პიროვნული ზიანისთვის ნაფიც მსაჯულთა წინაშე პასუხი აგო. აქტივისტების მიზანია აიძულონ კომპანიები, შეცვალონ თავიანთი ბიზნეს პრაქტიკა. ნიუ-მექსიკოში ნაფიცი მსაჯულები დაეთანხმნენ არგუმენტს, რომ Meta მომხმარებლებს პლატფორმის უსაფრთხოებაზე შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიდა, ხოლო ლოს-ანჯელესში მოსარჩელეებმა დაამტკიცეს, რომ Instagram და YouTube შექმნილია ისე, რომ სოციალური მედიის დამოკიდებულებას (addiction) უწყობენ ხელს.
იურიდიული ექსპერტის, ერიკ გოლდმანის შეფასებით, მოსამართლეები ახლა ნაკლებად ენდობიან ტექნოლოგიურ გიგანტებს, ვიდრე ათი წლის წინ. გარდა ამისა, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში უკვე მიიღეს კანონები, რომლებიც მოზარდებისთვის დამოკიდებულების გამომწვევი ალგორითმების გამოყენებას კრძალავს.
საუკეთესო და უარესი სცენარები
ოპტიმისტური სცენარით, კომპანიებს მოუწევთ უარი თქვან ისეთ ტოქსიკურ ფუნქციებზე, როგორიცაა უსასრულო სქროლვა (infinite scrolling) და შოკისმომგვრელი კონტენტის წამახალისებელი ალგორითმები. თუმცა, არსებობს უარესი სცენარიც: ექსპერტების აზრით, ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა კატასტროფად იქცეს მცირე პლატფორმებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიუ-მექსიკოს საქმე ნაწილობრივ ეყრდნობოდა არგუმენტს, რომ Meta ბავშვებს პირადი მიმოწერისას end-to-end (E2E) შიფრაციით აზიანებდა, რის გამოც კომპანიამ ამ თვეში Instagram-ზე აღნიშნული უსაფრთხოების ფუნქცია გააუქმა.
კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორის, ბლეიკ რიდის მოსაზრებით, კომპანიები შეეცდებიან იურიდიული რისკების თავიდან აცილებას ცივი, გათვლილი ნაბიჯებით და არა ბიზნეს მოდელის ფუნდამენტური ტრანსფორმაციით. იურისტები ასევე აფრთხილებენ, რომ მოზარდებისთვის სოციალური მედიის მკაცრმა შეზღუდვამ შესაძლოა იზოლაციაში მოაქციოს ის მარგინალიზებული ჯგუფები, რომლებისთვისაც ონლაინ სივრცე კომუნიკაციის და თვითგამოხატვის მთავარი საშუალებაა.
Meta-ს დასჯის იდეა ბევრისთვის მისაღები და სასურველია, მაგრამ თუ რა გვერდით მოვლენებს მოუტანს ეს ინდუსტრიას და მომხმარებლებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.
წყარო: theverge.com







