
მონაცემთა ცენტრები (data centers) იმდენად გაიზარდა, რომ მათი ენერგომოთხოვნილება ამერიკის მთელ შტატებს უტოლდება. მაგალითად, Meta-ს Hyperion AI data center-ის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ის იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც სამხრეთ დაკოტა.
გასულ კვირას, Meta-მ განაცხადა, რომ 27 მილიარდი დოლარის ღირებულების მონაცემთა ცენტრის მხარდასაჭერად, დამატებით 7 ბუნებრივი აირის ელექტროსადგურს დააფინანსებს. ლუიზიანაში მდებარე ეს 10 ობიექტი ჯამში დაახლოებით 7.5 გიგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ბევრი ტექნოლოგიური კომპანიის მსგავსად, Meta წლების განმავლობაში ხაზს უსვამდა თავის კლიმატურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას, აქვეყნებდა მდგრადობის ანგარიშებს და განახლებადი ენერგიის შესყიდვებით იწონებდა თავს. ბუნებრივ აირს ხშირად "გარდამავალ საწვავად" მიიჩნევენ, თუმცა განახლებადი ენერგიისა და ბატარეების ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, Meta-ს ეს გადაწყვეტილება ბევრ კითხვას აჩენს.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული გამოთვლებით, ლუიზიანას მასიური ტურბინები ატმოსფეროში ყოველწლიურად 12.4 მილიონ მეტრულ ტონა CO2-ს გააფრქვევს. ეს 50%-ით აღემატება Meta-ს მთლიან ნახშირბადის კვალს (carbon footprint) 2024 წელს. გარდა ამისა, ეს რიცხვი არ მოიცავს მეთანის გაჟონვას მიწოდების ჯაჭვიდან, რაც კლიმატზე კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს (მეთანი პლანეტას 84-ჯერ უფრო მეტად ათბობს, ვიდრე ნახშირორჟანგი).
კომპანიამ შესაძლოა კვლავ დაიცვას თავისი კლიმატური ვალდებულებები და ემისიების კომპენსირება ნახშირბადის ამოღების კრედიტების (carbon removal credits) საშუალებით სცადოს. თუმცა, ახლა მას გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება ახალი ელექტროსადგურების ეკოლოგიური ზიანის დასაბალანსებლად.
წყარო: techcrunch.com







