Meta-მ ფარულად ჩაუშვა ახალი, Reddit-ის მსგავსი აპლიკაცია სახელწოდებით Forum

Meta-მ Facebook Groups-ისთვის ახალი დამოუკიდებელი აპლიკაცია Forum ფარულად გამოუშვა. კომპანია მას Reddit-ის მსგავს პლატფორმად პოზიციონირებს და ახასიათებს, როგორც „სივრცეს სიღრმისეული დისკუსიებისთვის, რეალური პასუხებისა და თქვენთვის მნიშვნელოვანი თემებისთვის“.

აპლიკაცია პირველად სოციალური მედიის კონსულტანტმა Matt Navarra-მ შეამჩნია. Facebook-ის ანგარიშით ავტორიზაციის შემდეგ, Forum ავტომატურად ტვირთავს თქვენს ჯგუფებს, პროფილსა და აქტივობებს. იგი მომხმარებლებს პოსტების ნიკნეიმით გამოქვეყნების საშუალებას აძლევს. Meta-ს განმარტებით, ჯგუფები კვლავინდებურად იარსებებს Facebook-ზე და Forum-ში გაზიარებული კონტენტი მათშიც გამოჩნდება.

აპლიკაცია მოიცავს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ „Ask“ ჩანართს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დასვან კითხვები და მიიღონ სხვადასხვა ჯგუფების დისკუსიებიდან გენერირებული პასუხები. გარდა ამისა, ადმინისტრატორებისთვის ხელმისაწვდომია AI ასისტენტი ჯგუფების სამართავად და კონტენტის მოდერაციისთვის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Meta ჯგუფებისთვის ცალკე აპლიკაციას უშვებს; 2014 წელს მათ მსგავსი პროექტი წარადგინეს, თუმცა 2017 წელს დახურეს. Forum კომპანიის ბოლო დროინდელი მეორე სიახლეა – გასულ თვეში მათ ჩაუშვეს Instants, რომელიც მეგობრებთან გაქრობადი ფოტოების გაზიარების საშუალებას იძლევა.

აპლიკაციების რაოდენობის ზრდა Meta-ს ახალ სტრატეგიას უკავშირდება. The Wall Street Journal-ის თანახმად, მარკ ცუკერბერგმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ AI-ის წყალობით ეფექტიანობის გაზრდა კომპანიას ბევრად მეტი აპლიკაციის შექმნის შესაძლებლობას აძლევს და მათ გეგმაში ათობით ახალი პროდუქტის ტესტირებაა.

თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, მომხმარებლებს შესაძლოა სულაც არ სურდეთ ამდენი ახალი აპლიკაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი სხვა პოპულარული სერვისების (მაგალითად, BeReal, Snapchat ან CapCut) ასლებს წარმოადგენენ.

წყარო: techcrunch.com