
წლების განმავლობაში მიმდინარე მზადების შემდეგ, Uber-ის მიერ მხარდაჭერილმა ელექტრო ველოსიპედებისა და სკუტერების გაქირავების startup-მა Lime-მა პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO) განაცხადი შეიტანა.
კომპანია, რომელიც Neutron Holdings, Inc.-ის სახელითაა რეგისტრირებული, საჯარო ბაზრებზე გასვლას ბოლო ხუთი წელია გეგმავს. CEO უეინ ტინგმა TechCrunch-თან ჯერ კიდევ 2023 წელს აღნიშნა, რომ კომპანიას IPO-სთვის საჭირო ფინანსური მაჩვენებლები და ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა ბაზარზე ხელსაყრელ პირობებს ელოდებოდნენ.
კომპანია გეგმავს აქციების Nasdaq-ზე განთავსებას ტიკერით "LIME". წინადადების დეტალები, რომელიც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) წარედგინა, ჯერჯერობით უცნობია.
SEC-ის დოკუმენტაციის მიხედვით, Lime-ის შემოსავალი იზრდება, თუმცა კომპანია ჯერ კიდევ არ არის მომგებიანი. წმინდა ზარალმა 2025 წელს 59.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. ამავდროულად, თავისუფალი ფულადი ნაკადები (free cash flow) 2025 წელს 104 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
მიუხედავად ამისა, კომპანიას მნიშვნელოვანი ვალები აქვს. განაცხადში დაფიქსირებულია დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის მიმდინარე ვალდებულება, საიდანაც 846 მილიონი უახლოეს 12 თვეში უნდა დაიფაროს. Lime აფრთხილებს ინვესტორებს, რომ ვალების დასაფარად საკმარისი ლიკვიდობა არ გააჩნია და სწორედ ამიტომ ესაჭიროება IPO ფინანსების მოსაზიდად.
2017 წელს დაარსებულ Lime-ს Uber-თან მჭიდრო კავშირი აქვს. 2020 წელს Uber-მა Lime-ის $170-მილიონიან დაფინანსების რაუნდს უხელმძღვანელა, რა დროსაც Lime-მა Uber-ის მიკრომობილობის განყოფილება, Jump შეიძინა. დღეს Lime 29 ქვეყნის 230 ქალაქში ოპერირებს, ხოლო მისი შემოსავლის 14.3% პირდაპირ Uber-ის აპლიკაციასთან ინტეგრაციიდან მოდის.
წყარო: techcrunch.com







