
Alphabet-ის შვილობილმა კომპანიამ Google-მა წარმოადგინა Gemini 4 Argon — ახალი AI მოდელი, რომელიც სპეციალურად კოდირების, კვლევისა და წერის ამოცანებისთვის შეიქმნა. თუმცა, Google-ის განცხადებით, მოდელის მთავარი უპირატესობა კიბერუსაფრთხოების სფეროში ვლინდება.
Argon ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ Google-ის Fairwind Program-ის პარტნიორებისთვის. მოდელი სპეციალურად თავდაცვითი კიბეროპერაციებისთვის დაიტრენინგა და, კომპანიის თქმით, მას შეუძლია „ავტონომიურად აღმოაჩინოს, დაადასტუროს და აღმოფხვრას პროგრამული უზრუნველყოფის კრიტიკული მოწყვლადობები“.
გარდა ამისა, Argon გამოირჩევა კოდირებისა და საინჟინრო ამოცანების შესრულების მაღალი ეფექტურობით. Google-ის თანამშრომლები მას უკვე აქტიურად იყენებენ დებაგინგისა და კოდური ბაზების მიგრაციისთვის. მოდელს ასევე გააჩნია ვიზუალური მონაცემების ანალიზის უნარი, რაც გულისხმობს გრძელი ვიდეოების ან რთული დიაგრამების დამუშავებას.
„Argon შექმნილია რთული და ხანგრძლივი სამუშაო პროცესების მხარდასაჭერად, რაც ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს მუშაობის სტილს“, — აღნიშნულია Google-ის ბლოგპოსტში. კომპანია აცხადებს, რომ Argon-მა აჯობა კონკურენტ მოდელებს, მათ შორის OpenAI-ის GPT-6 Astra-სა და Anthropic-ის Fable-ს, AI-ის სხვადასხვა საორიენტაციო ტესტებში (benchmarks).
მიუხედავად იმისა, რომ წარსულში Google-ს AI რბოლაში ჩამორჩენილად მიიჩნევდნენ, Gemini-ის წარმატებამ კომპანია კვლავ ლიდერ პოზიციებზე დააბრუნა. აგვისტოს მონაცემებით, Gemini-ის აპლიკაციას თვეში მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რაც მას OpenAI-ის ChatGPT-ის სრულფასოვან კონკურენტად აქცევს.
წყარო: techcrunch.com






