
Google-მა წარადგინა ე.წ. „მოწინავე პროცესი“ (advanced flow), რომელიც საჭირო იქნება გარკვეული Android აპლიკაციების დასაინსტალირებლად მას შემდეგ, რაც კომპანია მიმდინარე წლის ბოლოს დეველოპერების სავალდებულო ვერიფიკაციას დანერგავს. კომპანიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ დაუდასტურებელი დეველოპერებისგან აპლიკაციების ინსტალაცია სრულად შეუძლებელი გახდებოდა, თუმცა დღეს წარდგენილი პროცესი არის კომპრომისი კრიტიკოსებთან, რომლებიც კომპანიას Android-ის ეკოსისტემის ჩაკეტვაში ადანაშაულებდნენ.
კარგი ამბავი ის არის, რომ ახალი პროცესი ერთჯერადია და მისი გამეორება ყოველი ახალი აპლიკაციის ჩამოტვირთვისას (sideload) საჭირო არ იქნება; თუმცა პროცესის ნაწილი 24-საათიან სავალდებულო მოლოდინის პერიოდს მოიცავს.
აი, როგორ აღწერს პროცესს Matthew Forsythe, Android-ის პროდუქტების მართვისა და აპლიკაციების უსაფრთხოების დირექტორი:
დეველოპერის რეჟიმის ჩართვა: მისი აქტივაცია მარტივია და ხელს უშლის სისტემის უსაფრთხოების მექანიზმების შემთხვევით ან თაღლითური გზით (ე.წ. one-tap) გამორთვას.
დადასტურება, რომ სხვა არ გაიძულებთ მოქმედებას: სწრაფი შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ უსაფრთხოების პარამეტრების გამორთვას თაღლითური სქემების გავლენით არ ახდენთ.
ტელეფონის გადატვირთვა და ხელახალი ავთენტიფიკაცია: ეს წყვეტს ნებისმიერ დისტანციურ წვდომას ან სატელეფონო ზარს, რომელსაც თაღლითი თქვენს ქმედებებზე დასაკვირვებლად შეიძლება იყენებდეს.
დაბრუნება და ვერიფიკაცია მოლოდინის პერიოდის შემდეგ: ერთდღიანი მოლოდინის შემდეგ ბიომეტრიული მონაცემებით (თითის ანაბეჭდი ან სახის ამოცნობა) ან PIN კოდით ადასტურებთ, რომ აღნიშნულ ცვლილებას ნამდვილად თქვენ ახორციელებთ.
აპლიკაციების ინსტალაცია: რისკების გაცნობიერების დადასტურების შემდეგ, უკვე შეძლებთ დაუდასტურებელი დეველოპერებისგან აპლიკაციების ჩამოტვირთვას 7 დღით ან განუსაზღვრელი ვადით.
Google-ის განმარტებით, აღნიშნული რთული და ხანგრძლივი პროცესი შექმნილია მომხმარებლების დასაცავად თაღლითებისგან, რომლებიც მათ საფრთხის შემცველი აპლიკაციების დაინსტალირებას აიძულებენ. Google-ის ხედვით, sideloading მხოლოდ გამოცდილი მომხმარებლებისთვის (power users) უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ვერიფიკაციის ახალი მოთხოვნები დეველოპერებისგან იურიდიული სახელის, მისამართისა და სხვა საიდენტიფიკაციო დეტალების მიწოდებას ითვალისწინებს, რამაც დეველოპერების ნაწილის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მათი თქმით, სავალდებულო რეგისტრაცია საფრთხეს უქმნის ინოვაციას, კონკურენციასა და მომხმარებლის თავისუფლებას.
ვერიფიკაციის სისტემა ჯერ კიდევ ადრეული წვდომის რეჟიმშია, მაგრამ მიმდინარე წლის სექტემბრიდან იგი სავალდებულო გახდება ბრაზილიაში, ინდონეზიაში, სინგაპურსა და ტაილანდში გამოშვებული აპლიკაციების დეველოპერებისთვის, ხოლო 2027 წლიდან გლობალურად ამოქმედდება. ამასთან, წლის ბოლომდე Google აშშ-ის ფარგლებს გარეთ გაუშვებს „რეგისტრირებული აპლიკაციების მაღაზიების“ (Registered App Stores) პროგრამასაც, რაც მესამე მხარის დეველოპერებს საკუთარი პლატფორმების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
წყარო: theverge.com



