Ford-მა ხელახლა დაიქირავა გამოცდილი ინჟინრები მას შემდეგ, რაც AI-მ მოლოდინი ვერ გაამართლა

Ford-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კომპანიამ 350 გამოცდილი ინჟინერი დაიქირავა — მათ შორის არიან როგორც ყოფილი თანამშრომლები, ისე სხვადასხვა მომწოდებელი კომპანიების სპეციალისტები. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა და ავტომატიზებულმა სისტემებმა ხარისხის სასურველი დონის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.

Bloomberg-ის ცნობით, Ford-ის ოპერაციულმა დირექტორმა კუმარ გალჰოტრამ აღნიშნა, რომ კომპანია ზედმეტად იყო დამოკიდებული ავტომატიზებულ სისტემებზე, რამაც იმედგაცრუების მომტანი შედეგები გამოიღო. შედეგად, კომპანიამ დააბრუნა ტექნიკური სპეციალისტები, რომელთა მთავარი ამოცანა დეტალების წარმოებამდე ხარვეზების პოვნა და მათი აღმოფხვრაა.

Ford-ის ვიცე-პრეზიდენტმა ავტომობილების აპარატურული უზრუნველყოფის მიმართულებით, ჩარლზ პუნმა განაცხადა: „ჩვენ შეცდომით გვეგონა, რომ მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და დიზაინის მოთხოვნების დამუშავება საკმარისი იქნებოდა მაღალი ხარისხის პროდუქტის მისაღებად“.

აღსანიშნავია, რომ Ford სრულად არ უარს ამბობს AI-ზე. გამოცდილი ინჟინრები, რომლებსაც კომპანიაში „ჭაღარა წვერიანებს“ უწოდებენ, ახალგაზრდა კადრების გადამზადებასა და AI ინსტრუმენტების ხელახალ პროგრამირებაზე მუშაობენ.

ამ სტრატეგიამ უკვე გამოიღო შედეგი: Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ განაცხადა, რომ საგარანტიო მომსახურებისა და პროდუქციის უკან გაწვევის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც კომპანიას ასობით მილიონი დოლარის ეკონომიას აძლევს. გარდა ამისა, JD Power-ის მიერ გამოქვეყნებულ ხარისხის კვლევაში Ford-მა მასობრივი ბრენდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

წყარო: techcrunch.com