
გასულ კვირას, მას შემდეგ რაც Google-მა საძიებო სისტემის გლობალური განახლება დააანონსა, ბევრმა მომხმარებელმა DuckDuckGo-ზე გადასვლა გადაწყვიტა, რათა თავი აარიდოს ხელოვნურ ინტელექტს. Google-ის ყოველწლიურ დეველოპერულ კონფერენციაზე (I/O) გაჟღერდა, რომ ტრადიციულ ლურჯ ბმულებს AI აგენტი ჩაანაცვლებს, რომელიც მომხმარებლის ნაცვლად გასცემს პასუხებს და შეასრულებს დავალებებს.
ამ სიახლემ მკვეთრი უკუკავშირი გამოიწვია. კრიტიკოსების აზრით, ეს ცვლილება კლავს ღია ინტერნეტს, ხოლო AI-ის მიერ გენერირებული პასუხები ხშირად არაზუსტია და მომხმარებელს არჩევანის თავისუფლებას ართმევს. შედეგად, ბევრმა ალტერნატიულ, კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ DuckDuckGo-ს მიაშურა.
DuckDuckGo-ს აღმასრულებელი დირექტორის, Gabriel Weinberg-ის თქმით: „Google მომხმარებლებს ძალდატანებით სთავაზობს AI-ს, რომლის გამორთვის ფუნქციაც კი არ არსებობს. ამის გამო მათი ძიების შედეგები უარესდება. ჩვენ გვსურს ვიყოთ პლატფორმა, სადაც მომხმარებელი თავად წყვეტს, რამდენად სურს AI-ს გამოყენება“.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ DuckDuckGo-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვები აშშ-ში საშუალოდ 18.1%-ით გაიზარდა, ხოლო პიკურ პერიოდში ზრდამ 30.5%-ს მიაღწია. iOS-ზე ჩამოტვირთვების ყოველკვირეულმა ზრდამ კი 33%-ს გადააჭარბა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სპეციალური გვერდი noai.duckduckgo.com, სადაც ყველა AI ფუნქცია ნაგულისხმევად გამორთულია.
მიუხედავად იმისა, რომ DuckDuckGo თავადაც სთავაზობს მომხმარებლებს საკუთარ პროდუქტს, Duck.ai-ს (რომელიც ინტეგრირებულია Anthropic-ის Claude, Meta-ს Llama და OpenAI-ის GPT მოდელებთან), ის სრულად იცავს კონფიდენციალურობას: არ ინახავს ძიების ისტორიას და არ იყენებს მონაცემებს AI-ის საწვრთნელად.
„ხალხს უბრალოდ არჩევანის თავისუფლება სურს“, — აცხადებს კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელი Kamyl Bazbaz.
წყარო: techcrunch.com







