Delivery Hero-ს დირექტორთა საბჭომ Uber-ის 15 მილიარდიან შესყიდვის წინადადებას მხარი დაუჭირა

Delivery Hero-ს დირექტორთა საბჭომ Uber-ის 15 მილიარდიანი შესყიდვის წინადადება დაამტკიცა და აქციონერებს გარიგების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აღნიშნული შერწყმა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს on-demand კვების მიტანის პლატფორმას შექმნის.

კომპანიის სამეთვალყურეო და მენეჯმენტის საბჭოების განცხადებით, შეთავაზებული ფასი „სამართლიანი და ადეკვატურია“, ხოლო გარიგებას პროდუქტის ინოვაციების დაჩქარების დიდი პოტენციალი გააჩნია. მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება კომპანიის, თანამშრომლებისა და აქციონერების ინტერესებს სრულად შეესაბამება.

გარიგების დასრულების შემთხვევაში, Uber მნიშვნელოვნად გააფართოებს თავის გლობალურ მასშტაბებს და ჩინეთის გარეთ ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ იქცევა, რაც მას DoorDash-სა და Just Eat Takeaway-თან კონკურენციაში უპირატესობას მიანიჭებს. Uber-მა, რომელიც უკვე ფლობდა Delivery Hero-ს აქციების მნიშვნელოვან წილს, გარიგების ძალაში შესასვლელად მინიმალურ ზღვრად აქციათა 50%-ზე მეტი განსაზღვრა.

შეთანხმებას მხარი დაუჭირა მსხვილმა აქციონერმა Prosus-მაც, რომელიც თავის 17%-იან წილს გაყიდის. პარალელურად, Delivery Hero-მ 1.6 მილიარდ დოლარად უკვე გაასხვისა თავისი ბიზნესები 14 ბაზარზე, სადაც Uber Eats უკვე ოპერირებს.

ეს ნაბიჯი on-demand მიტანის სერვისების ინდუსტრიაში მიმდინარე კონსოლიდაციის მორიგი მაგალითია. ბოლო 18 თვის განმავლობაში ბაზარზე არაერთი მსხვილი გარიგება შედგა, მათ შორის Uber-ის მიერ თურქული Getir-ის შეძენა და DoorDash-ის მიერ Deliveroo-ს შესყიდვის მცდელობა.

წყარო: techcrunch.com