DeepSeek 1.5 მილიარდი დოლარის მოზიდვას და IPO-ს გეგმავს

ჩინური AI სტარტაპი DeepSeek, რომელიც დიდი ენობრივი მოდელების (LLM) შემუშავებაზეა ორიენტირებული, 2027 წლისთვის IPO-სთვის ემზადება. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია შესაძლოა ბირჟაზე მიმდინარე წლის ბოლოსთვის გავიდეს, პარალელურად კი 1.5 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს, რაც მის საბაზრო ღირებულებას 71 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ეს ნაბიჯი მას შემდეგ იგეგმება, რაც კომპანიამ სულ რაღაც ერთი თვის წინ, პირველი გარე დაფინანსების რაუნდში, 50 მილიარდი დოლარის შეფასებით 7 მილიარდი დოლარი მოიზიდა.

2023 წელს დაარსებულმა სტარტაპმა პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც შექმნა ისეთი AI ტექნოლოგია, რომელიც ამერიკულ ანალოგებთან შედარებით გაცილებით ეფექტური და ხარჯთეფექტური აღმოჩნდა. ივნისის მონაცემებით, Vercel-ის პლატფორმაზე დამუშავებული ტოკენების თითქმის 23% სწორედ DeepSeek-ზე მოდიოდა, რაც მას Anthropic-ის (32%) შემდეგ ერთ-ერთ ლიდერად აქცევს.

მიუხედავად აშშ-ის მიერ დაწესებული ჩიპების ექსპორტის შეზღუდვებისა, DeepSeek ადასტურებს, რომ ჩინური ღია კოდის მოდელები წარმატებით უწევენ კონკურენციას წამყვან ამერიკულ AI ლაბორატორიებს. კომპანიის ღრუბლოვანი სერვისები Huawei-ს მიერ წარმოებულ ჩიპებზე მუშაობს. DeepSeek-ის ინვესტორებს შორის არიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Tencent და პეკინის ეროვნული ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის საინვესტიციო ფონდი.

წყარო: techcrunch.com