
აშშ-ის სენატორი Bernie Sanders ოთხშაბათს წარადგენს კანონპროექტს, რომელიც მონაცემთა ცენტრების (data centers) მშენებლობაზე ეროვნული მორატორიუმის გამოცხადებას ისახავს მიზნად, "სანამ არ მიიღება კანონმდებლობა, რომელიც საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებისგან დაიცავს". მომავალ კვირებში წარმომადგენელთა პალატაში მსგავს კანონპროექტს Alexandria Ocasio-Cortez-იც წარადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის დამტკიცების შანსი მცირეა (განსაკუთრებით Trump-ის ადმინისტრაციის მიერ AI-ის ღია მხარდაჭერისა და ინდუსტრიის ლობისტური რესურსების ფონზე), ის ნათლად აჩვენებს პოლიტიკოსთა მზარდ შეშფოთებას მონაცემთა ცენტრების ეკოლოგიურ გავლენასა და ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ ზიანზე.
"მორატორიუმი მოგვცემს დროს, რათა დავრწმუნდეთ, რომ AI სარგებელს მოუტანს მომუშავე ოჯახებს და არა მხოლოდ იმ მილიარდერებს, რომლებსაც მეტი სიმდიდრე და ძალაუფლება სურთ", - განაცხადა Sanders-მა. მისი თქმით, პაუზა აუცილებელია, რათა შემუშავდეს უსაფრთხოების სტანდარტები და თავიდან ავიცილოთ გარემოს დაზიანება თუ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა.
კანონპროექტი უვადო მორატორიუმს აწესებს იმ მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე ან განახლებაზე, რომლებიც სპეციალურად AI-სთვის გამოიყენება (კერძოდ, 20 მეგავატზე მეტი ენერგომოხმარების მქონე ობიექტებზე). აკრძალვა მოიხსნება მხოლოდ მაშინ, როცა კანონმდებლობა უზრუნველყოფს კლიმატისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, ასევე AI-ით გენერირებული სიმდიდრის საზოგადოებაზე სამართლიან განაწილებას. დოკუმენტში პირდაპირ არიან ნახსენები ტექნოლოგიური ლიდერები, როგორებიც არიან xAI-ის Elon Musk, Amazon-ის Jeff Bezos, OpenAI-ის Sam Altman და Anthropic-ის Dario Amodei.
მონაცემთა ცენტრების სწრაფმა გაფართოებამ აშშ-ში უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადის ზრდას, წყლის მოხმარებასა და ეკოლოგიურ ზიანს აპროტესტებს. საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გამო, მხოლოდ უახლოეს პერიოდში 98 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები უკვე შეჩერდა ან გაუქმდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთმა შტატმა და მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი მორატორიუმი შემოიღო.
პრობლემა ორპარტიულია. მონაცემთა ცენტრების ექსპანსიას რესპუბლიკელებიც აკრიტიკებენ, მათ შორის ფლორიდის გუბერნატორი Ron DeSantis. თეთრმა სახლმა და Big Tech კომპანიებმა (Amazon, Microsoft, Meta, Google) ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს არასავალდებულო შეთანხმებას ინფრასტრუქტურის ხარჯების დაფარვის შესახებ, თუმცა ექსპერტები მას სიმბოლურ ჟესტად მიიჩნევენ.
მეორე მხრივ, ინდუსტრიული ჯგუფები, როგორიცაა Data Center Coalition, აცხადებენ, რომ მორატორიუმი შეზღუდავს ინტერნეტის გამტარუნარიანობას, შეანელებს კრიტიკულ სერვისებს და ასობით ათას მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს გაანადგურებს, რაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას.
წყარო: wired.com







